რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების „დათბობა“ შეიძლება საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდეს და ის კიდე უფრო „თბილ“ ურთიერთობებში შეიძლება გადაიზარდოს, რასაც შედეგი ექნება სოხუმისა და ცხინვალისთვის. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის მრჩეველმა ვიაჩესლავ გობოზოვმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ეს დათბობა შესაძლებელი გახდა თბილისის ნეიტრალიტეტის გამო უკრაინაში რუსეთის სპეციალური ოპერაციის მიმართ. თანაც, წინა დაახლოებისგან განსხვავებით, დღევანდელი პროცესი არ არის მხოლოდ მყიფე დეკლარაციების დონეზე, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ძალზე დინამიურად ვითარდება“, – უთხრა გობოზოვმა გაზეთს „სამხრეთ ოსეთი“.
მისი აზრით, მოსკოვის და თბილისის დაახლოებამ შეიძლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ინტერესებს ზიანი მიაყენოს.
„ამ გეოპოლიტიკურ დაახლოებას შეიძლება ის მოჰყვეს, რომ შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რუსეთი სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს თბილისს ჩააბარებს“, – აღნიშნა მან.
გობოზოვმა მაინც იმედი გამთქვა, რომ მოსკოვი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას უკან არ გაიწვევს და მათ თბილისს არ ჩააბარებს.
გაგლოევის მრჩევლის თქმით, მთიანი ყარაბაღის ისტორიამ აჩვენა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე პირველად, ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის საკითხი სამხედრო გზით იყო გადაჭრილი.
მისი აზრით, სოხუმმა და ცხინვალმა მითიური საფრთხეები რეალური გამოწვევებისგან უნდა გაარჩიოს, რათა შესაძლო უარყოფითი შედეგების განეიტრალებისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი ზომები მიიღონ.