ბიზნესმენი გია პირადაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ძალიან დააზარალა. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ძალიან იკლო ვიზიტორების რაოდენობამ, რის გამოც სექტორში ახლა რთული მდგომარეობაა. მისი განცხადებით, სექტორი დღეს თავის გატანას ცდილობს და უჭირს თანამშრომლების ხელფასების დაფარვა. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ სტუმარმასპინძლობის დარგს და არსებულ პრობლემებს დღეს არავინ აქცევს ყურადღებას. მათ შორის არ რეაგირებს არც სახელმწიფო.
„დიდი ხანია უკვე 15%-იანი დატვირთვა გვაქვს. არც კი. შეიძლება უფრო ნაკლები. უკვე აღარც ვითვლით. ჩვენ ერთმანეთს რაღაცნაირად ვეხმარებით. ხან ჩემი მეგობრები ჩამოდიან და ჩამოჰყავთ სამეგობრო წრეები ან სამსახურებიდან. გაგვაქვს თავი, რომ რაღაცნაირად ხელფასები მაინც გადავიხადოთ და აუცილებელია ბიუჯეტში ფული შევიტანოთ, მაგრამ არც სახელმწიფო ზრუნავს არ იტკიებს თავს ამაზე. ეტყობა არ აქვთ ყველანაირი ინფორმაცია, ან აქვთ და თვალს ვერ უსწორებენ სინამდვილეს. არც სახელმწიფო ზრუნავს ამ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ. თუ ვინმე დამანახებს, მადლობელი ვიქნები. მაგრამ არავინ ზრუნავს ისეთ ბიზნესზე, როგორიც სტუმარმასპინძლობაა, რომელიც ჩვენთვის იყო ფლაგმანი ბიუჯეტის შევსების. დღეს არის ძალიან მიგდებულ პოზიციაში, ყველასგან დავიწყებულ პოზიციაში.’’- აცხადებს გია პირადაშვილი.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებმა და გაურკვევლობამ ბიზნესის ყველა სექტორზე მოახდინა გავლენა. გია პირადაშვილს უჭირს პროგნოზის გაკეთება. აცხადებს, რომ ყველაფერი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული. თუმცა აღნიშნავს, რომ ბიზნესს წრეების ნაწილი დღევანდელ რეალობაშიც კარგად გრძნობს თავს. გია პირადაშვილი ამბობს, რომ ბიზნესმენების ნაწილისთვის მომავალი ბუნდოვანია და მათ არ იციან როგორ იმოქმედონ დღეს.
,,გაურკვევლობა მოქმედებს ყველაზე. გაყუჩებული მდგომარეობა, ჩუმად, ჩამძვრალი ყოფნა მოქმედებს ყველაზე. ყველა ბიზნესზე. ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია და ძალიან სწრაფად და მტკივნეულად რეაგირებს ასეთ არანორმალურ და არაეფექტურ გარემოში, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. როგორც განვითარდება ქვეყანაში მოვლენები ისე იქნება სამომავლო პერსპექტივა. მე ვერ ვხედავ დღეს ისეთ ძვრებს, რომელიც რაღაც მხარეს მაინც გამოაჩენს სინათლეს და გავიგებთ რა გველოდება უახლოეს მომავალში. რომ მივხვდეთ საით ვიმოძრაოთ და რა ვქნათ, რა გავაკეთოთ. მე სტუმარმასპინძლობის დარგზე ვსაუბრობ. ზოგი ბიზნეს წრე თავს ძალიან კარგად გრძნობს და ღმერთმა გაუმარჯოს.’’- აცხადებს გია პირადაშვილი.
