გაგდებული ძაღლების უმეტესობა მონადირე ჯიშისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მონადირეები ყრიან ძაღლებს ყველაზე ხშირად – „ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტი“

გაგდებული ძაღლების უმეტესობა მონადირე ჯიშისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მონადირეები ყრიან ძაღლებს ყველაზე ხშირად – „ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტი“
2026 წლის 1-ელი იანვრიდან შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდება. მათ შორის, საუბარია ძაღლის მიტოვების შემთხვევაში, ფიზიკური პირის 5 ათასი ლარით დაჯარიმებაზე. ასევე, საზოგადოებრივ ადგილებში გასეირნებისას ალიკაპისა და საბელის გამოყენების აუცილებლობაზე. ამ წესის დარღვევა პატრონის 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იზღუდება შინაური ცხოველების გამრავლება შესაბამისი თანხმობის გარეშე და ასე შემდეგ.
ცვლილებებთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძემ ისაუბრა.
თინათინ ჭავჭანიძე ფიქრობს, რომ რეგულაციები ვეტერინარული კლინიკების მომსახურებას გააძვირებს. ასევე, ცხოველთა უფლებების დამცველი აღნიშნავს, რომ გაგდებული ძაღლების უმეტესობა მონადირე ჯიშის არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მონადირეები ყრიან ძაღლებს ყველაზე ხშირად.
„არ ვიცი, ჰყავთ თუ არა მონადირეებს თავიანთი ძაღლები დაჩიპული, ასეთი ვალდებულება კი არსებობს. გაგდებული ძაღლების უმეტესობა არის სწორედ მონადირე. მათი გამგდებები არიან მონადირეები, გამოცდილებით ვამბობ და თუ ვინმეს გულზე მოხვდება, იყოს ასე.
გადაწყვეტილების მიმღებებს კი მინდა ვურჩიო, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლების გადაცემების, თუნდაც კლიპების ძალიან დიდი კამპანია, რომ მერე ადამიანმა არ თქვას, არ ვიცოდი, ახლა გავიგე და ვინმესთვის მოულოდნელი არ იყოს ცვლილებები.
პასუხისმგებლობის მქონე პატრონი ძაღლს ყოველთვის ალიკაპით ატარებს. თუნდაც რომ მიირბინოს ძაღლმა და ვიღაცას ცნობისმოყვარეობის გამო დასუნოს, შეიძლება ის მზად არ იყოს ამისთვის და ატყდეს ერთი ამბავი, ძაღლმა მიკბინა და ასე შემდეგ. მსგავსი რამ წლების წინ უკვე გამოცდილი მაქვს. მეორე, რაც აუცილებელია, როცა არ შეიძლება ძაღლის შეყვანა, მაგალითად, მარკეტში, აფთიაქში, ვალდებულია დაწესებულების მეპატრონე, შესასვლელში ძელები განათავსოს. არ შეიძლება, პირდაპირ კივილით ეცე ძაღლის პატრონს და სივრცეში ცხოველის შეყვანა აუკრძალო. სხვა გზა არ აქვს მეპატრონეს, ძაღლი სადმე უნდა დატოვოს, წინააღდეგ შემთხვევაში, ვერ შევა ვერც მაღაზიაში, ვერც აფთიაქში“, – აცხადებს თინათინ ჭავჭანიძე.