ხელოვნებათმცოდნე, გაგა ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:
ქვეყნის დატოვების თუ არდატოვების თემაზე გაცხარებულმა დისკუსიამ 80-იანი წლების გდრ გამახსენა. აღმოსავლეთ გერმანიის მაშინდელი მთავრობა ძალიან თანმიმდევრულად და “ცივილურად” იშორებდა თავიდან დისიდენტებს, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს, განსაკუთრებით ხელოვან ხალხს, ვინც საბჭოთა კავშირის მარიონეტულ ხელისუფლებას არ ეპუებოდა. ეს პროცესი 1980 წლის შემდეგ დაიწყო. ბერლინი და იენა იყო წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრები. ამ ხალხს ჯერ სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ, შემდეგ ცოტა ხნით აპატიმრებდნენ უმუშევრობის საბაბით და ბოლოს დასავლეთ გერმანიაში უშვებდნენ. Ausbürgerung ანუ ექსპატრიაცია იქცა პოლიტიკური რეპრესიების იარაღად. მთელი იენა დაიცალა არსტისტებისგან, მოაზროვნე, კარგი ხალხისგან. იენელებიდან ბევრი ფრაიბურგში გადავიდა საცხოვრებლად, ბერლინის უბანი პრენცლაუერ ბერგი კი, სადაც ბოჰემა ცხოვრობდა, დაცარიელდა. ჩაბნელებულ და უკაცრიელ კორპუსებში თითო-ოროლა განათებულ ფანჯარას თუ დაინახავდით. ეს პროცესი გრძელდებოდა ბერლინის კედლის დანგრევამდე. ამ ხალხმა, ვისაც წასვლა სულაც არ უნდოდა, მაგრამ დასავლეთში ძალით გადააბარგეს, ძალიან დიდი როლი ითამაშა გდრ-ის რეჟიმის დანგრევაში. გდრ-ს და ერიხ ჰონეკერს რა ბედიც ეწიათ, მოგეხსენებათ.
P.S. სტატიაში მოხსენიებული მწერალი ლუც რათენო და მხატვარი და მოქანდაკე ლუც ლაიბნერი სრულიად გამორჩეული ფიგურები იყვნენ, რომლებიც სტუდენტობის დროს გავიცანი, ასევე ვოლფგანგ კორალი… თუმცა მათ შესახებ ალბათ უფრო ვრცლად უნდა მოვყვე სხვა დროს.