ხელოვნებათმცოდნე, გაგა ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინოთეატრ “რუსთაველის” პირველ სართულზე განთავსდება არაბული დეველოპერული კომპანიის, „იგლ ჰილს ჯორჯიას“ გაყიდვების ოფისი და შოურუმი.
როგორც ჩანს, კინოთეატრის ამ ნაწილს მისი მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება “კინოთეატრი რუსთაველი” იჯარით გადასცემს დეველოპერულ კომპანიას.
კინოთეატრი “რუსთაველი” 1939 წელს აშენდა და 2018 წლამდე ფუნქციონირებდა. თუ არ ვცდები, კინოთეატრის პრივატიზება განხორციელდა 2006 წელს. მაშინ ეგონათ, რომ პრივატიზება პანაცეა იყო და ნებისმიერ პრობლემას ავტომატურად მოაგვარებდა. მაგრამ გავიდა 12 წელი და კინოთეატრი დაიხურა კონკურენციის (კავეას მულტიპლექსია გზის მეორე მხარეს) და ხარჯების ზრდის გამო. ანუ აღარ იყო რენტაბელური. სწორედ ამიტომ დააყენეს დღის წესრიგში მისმა მფლობელებმა გადაკეთების, ფუნქციების დამატების საკითხი და შსაბამისი პროექტი შეიტანეს მერიაში. მერიამ პროექტს მწვანე შუქი არ აუნთო. ჩვენ პრეტენზია ვერ გვექნება კინოთეატრის მფლობელებთან, რადგან ეს გახლავთ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. რაღაც ქრება, რაღაც იბადება და ა.შ. პირველი სართულის გაქირავება ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, რომ დეველოპერული კომპანიის მაგივრად რამე კარგი კაფე რომ გახსნილიყო, უკეთესი იქნებოდა, რადგან რუსთაველის გამზირის ეგ მხარე უსიცოცხლო და ჩაბნელებულია.
კინოთეატრი “რუსთაველი” არა მარტო არქიტექტურის და კულტურის ღირებული ძეგლია, არამედ ქართული კინოს ისტორიის ნაწილია. სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება, როგორც კულტურის ერთ-ერთი ცოცხალი კერის, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს და სტიმულს აძლევს შემოქმედებითი ინდუსტრიის, კინემატოგრაფის განვითარებას.
აქედან გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა, რომ კინოთეატრი დარჩენილიყო სახელმწიფოს მფლობელობაში.
იგივე ითქმის კინოთეატრ “აპოლოზეც”, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და კიდევ უფრო მოითხოვს სახელმწიფოს ჩარევას.
უამრავი ვიბრძოლე თავის დროზე ამ ორი კინოთეატრის გადარჩენისთვის. 2013 წელს თითქოს მივაღწიეთ კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებას “აპოლოს” გამოსყიდვის შესახებ, მაგრამ კულტურის სამინისტროს რამდენიმე ბიუროკრატის წინააღმდეგობის გამო ეს იდეა არ განხორციელდა.
მე ახლაც ვფიქრობ, რომ ამ ორი კინოთეატრის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი: სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს, აღადგინოს ავთენტური სახით და აამუშაოს, ანუ გადასცეს სამართავად კინოში მოქმედ ბიზნეს-ჯგუფს. სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ურთიერთობის ასეთი მოდელები ევროპაში და სხვაგანაც უამრავი არსებობს.
არ მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მსგავსი იდეა განხორციელდება, ამიტომ ხელისუფლების ცვლილებას და უკეთეს დროს უნდა დაველოდოთ, როცა ქვეყანა თავისი კულტურული წარსულის დაფასებას ისწავლის.