გაგა გოგსაძე: მისჯების კვირა, მძიმე, როგორც გოლგოთის ჯვარი

პოეტი გაგა გოგსაძე:
მისჯების კვირა, მძიმე, როგორც გოლგოთის ჯვარი.
ქართული ოცნება, ეს არის სწრაფმავალი სარკომა, ქვეყნის სხეულზე. სიტყვათა ულამაზო სინთეზი-ჯვებე გალუსტოვი. დღეიდან ეს ყველა ქოცის, ივანიშვილის ყველა მონის სახელი და გვარია.
თვალბუდეები
რა დროა ახლა,ან რა სურათს
ხატავს განგება?..
მიწის ნაპრალში
ცას რომ სძინავს
ცხედრის სიფხიზლით
და ღმერთი იქვე,
დაპურებულ მატლებს
რომ ითვლის.
ყოფიერების ლურჯ-ყვითელა თვალბუდეები,
დარდმა ყვავილი გამითელა
სტრიქონის სულზე.
ქვეყანა გიყვარს?
უპირობოდ,შენ ხარ ტუსაღი,
თუ საღი ფიქრის სხეულს ღებავ
სინათლისფერად,
მაშინ იტირებს დედაშენი,
სიმღერის ქვრივი.
ის არ ინანებს,
რომ გაგზარდა
მზის ტყუპისცალად,
ძალად,რომელსაც
გოლგოთამდე აჰყავდა ღმერთი,
საკუთარი ჯვრის სიმძიმეში
რომ ფარფატებდა.
ყოფიერების ბნელმდუმარე
თვალბუდეები…
ატირებული დედის ცრემლი
ნაგანით ხელში.
პატიმრის მშობლებს
არ აცვიათ შავი სამოსი,
მაგრამ ისინი
უსინათლო დღეებს
გლოვობენ.
ყოფიერების მეოცნებე თვალბუდეები,
ცრემლის მდინარეს ზურგით მიაქვს
ცუდი სიზმრები.
დედის სხეულზე ტანჯვისფერი სვავები სხედან,
თავისუფლების დროებითი
ცხედრის საკორტნად.