მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის, გაგაუზიის ლიდერი ევგენია გუცული მოსკოვში ვიზიტით იმყოფება.
გუცული რუსეთში მიმდინარე წელს მეორედ ჩავიდა, ის პირველი მოლდოველი მაღალჩინოსანია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთს ეწვია.
ლიდერის განმარტებით ვიზიტი რუსულ ბანკ პრომსვიაზბანკთან ხელშეკრულების გაფორმებას ემსახურება. გუცულის აზრით, ეს ნაბიჯი რუსეთიდან გაგაუზიაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ ჩარიცხვებს გაამარტივებს.
გაგაუზიის ლიდერის ვიზიტს გამოეხმაურა ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW):
“კრემლი დიდი ალბათობით, მოლდოვაში მყოფ პრორუსი მოთამაშეების გამოყენებას ცდილობს. მიზანი ქვეყნის დემოკრატიისა და საზოგადოების დესტაბილიზაცია და ევროკავშირში შესვლის პროცესის შეფერხებაა. შესაძლოა ეს ნაბიჯები მომავალში ჰიბრიდული ან კონვენციური ოპერაციების გასამართლებლად იდგმებოდეს”.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, გუცული ვიზიტის ფარგლებში არ შეხვდება ვლადიმირ პუტინს.
1 მარტს მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის, გაგაუზიის ლიდერები მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს შეხვდნენ.
შეხვედრას გაგაუზიის მხრიდან რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გოცული და სახალხო კრების ხელმძღვანელი დმიტრი კონსტანტინოვი დაესწრნენ.
გუცულმა თქვა, რომ მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ ირღვევა გაგაუზიელების უფლებები, ხოლო ავტონომიას სურს რუსეთთან ურთიერთობის გამყარება, კერძოდ კი სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეწყდა.
ერთი დღით ადრე მოსკოვს ასევე დახმარება სთხოვა დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ.
რუსეთში ვიზიტისას, გუცული სოჭში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ის პირველი მოლდოველი ოფიციალური პირი გახდა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს პირადად შეხვდა.
გუცულის თქმით, პუტინმა მასთან “იმ რთულ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ პრობლემებზე ილაპარაკა, რომელთა ცენტრში ჩვენი გაგაუზია იმყოფება”. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი “მზად არის მხარი დაუჭიროს გაგაუზიასა და გაგაუზიელ ხალხს”.
მოგვიანებით ბაშკანმა თქვა, რომ “მოლდოველებს ევროპული სტანდარტის ცხოვრებას პირდებოდნენ, გაგაუზიის რესპუბლიკის მაცხოვრებლების ცხოვრების პირობები კი ყოველდღიურად უარესდება. რუსეთი მოლდოვასთან მეგობრული ურთიერთობით არის დაინტერესებული, პრეზიდენტ მაი სანდუ ამ ურთიერთობის გაწყვეტას და ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს”.
8 მარტს მოლდოვის გენერალური პროკურორის მოვალეობების შემსრულებელმა, იონ მუნტიანუმ თქვა, რომ გუცულის წინააღმდეგ გამოძებაა დაწყებული.
გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა, აქამდე მათ სეპარატისტული მისწრაფებები ჰქონდათ. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.
ვრცლად, მოლდოვაში არსებულ სეპარატიზმზე, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.