“გააშიშვლეს, გადაუღეს ვიდეო კადრები, დღის ბოლომდე 10 000 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში მასალის გასაჯაროვებით დაემუქრნენ”

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან 2001 წელს დაბადებული ე.გ., 2002 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ა.მ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა რ.ბ.-მ, გასული წლის ზაფხულში, თანასოფლელებთან ა.მ.-სთან და ნ.ა.-სთან ითამაშა ბანქო, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა რ.ბ.-ს განუცხადეს, რომ მას წაგებული ჰქონდა 20 000 ლარი და უნდა გადაეხადა.
მოგვიანებით, ა.მ.-მ და ნ.ა.-მ მეგობართან – ე.გ.-სთან ერთად, რ.ბ.-ს 6 500 დოლარი და 2 800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს.
ბრალდებულები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ რ.ბ-ს კვლავ დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს 10 000 ლარის გადახდა, ხოლო 28 ნოემბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაუსახლებელ ადგილას, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები, დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში კი არსებული ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროვებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც რ.ბ.-მ თვითმკვლელობა სცადა” – აცხადებს .
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია, 115-ე, 143-ე, 157-ე პრიმა და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.