ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართა, რომ სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გააუქმოს.
„ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის. ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები.
სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა“,- ნათქვამია ოპოზიციის წერილში.
სირიის ახალი ლიდერს აჰმედ ალ-შარაასადმი მიმართვას ხელს აწერენ:
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“
· თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
· ირაკლი კუპრაძე, „ძლიერი საქართველო“
· ბერდია სიჭინავა, „ გახარია – საქართველოსათვის“
სირია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობას“ 2018 წლიდან აღიარებს.
„როგორც იცით, 2018 წელს სირიამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. იმ ვითარებაში, როცა ასადის კაციჭამია, რუსული რეჟიმი წასულია და ახალი ხელისუფლებაა, იმის ნაცვლად, რომ მიმართოს ამ ახალ ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის უკან წაღების მოთხოვნით, სრული დუმილის რეჟიმში იმყოფება ამ მიმართულებით. ამიტომ ჩვენ, პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგად რეალურად უნდა მოვსულიყავით კოალიციურ ხელისუფლებაში, მაგრამ ხელისუფლება მიიტაცა „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ამისა, ვახორციელებთ ჩვენს პატრიოტულ ვალს და ჩვენი სამშობლოს ინტერესებში ვმოქმედებთ“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
