ზამთარი ბევრ დამატებით საზრუნავთან ასოცირდება, რომელთაგან ერთ-ერთი მკვეთრად გაზრდილი კომუნალური გადასახადებია. მომხმარებლებს მძიმე ტვირთად განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის ხარჯები აწვებათ. ამ პრობლემის გადასაჭრელად მეორე წელია, „სილქმა“ და „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ახალი პროგრამა – „გაათანაბრე“ დანერგა.
„გაათანაბრე“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გაზში ყოველ თვე ფიქსირებული თანხა გადაიხადონ და თავიდან აირიდონ ზამთარში მკვეთრად გაზრდილი ხარჯები. პროგრამა წამყვან ევროპულ ქვეყნებში აპრობირებულ მეთოდს ეფუძნება, რომელიც ადგილობრივ რეალობაზე ადაპტირდა და ქართული ბაზრის მოთხოვნებს მოერგო.
როგორ გამოითვლება ფიქსირებული გადასახადი?
ყოველთვიური ფიქსირებული თანხა ყველა აბონენტისთვის ინდივიდუალურად გამოითვლება: „გაათანაბრეში“ ჩართვის შემდეგ, პროგრამა მომხმარებლის მიერ ბოლო გასული 12 თვის განმავლობაში ბუნებრივ გაზში გადახდილ თანხას დააჯამებს და საშუალო ოდენობას დაიანგარიშებს. სწორედ ამ ფიქსირებულ თანხას გადაიხდის აბონენტი ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში.
ამ პროცესის საილუსტრაციოდ, მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ: ვთქვათ, აბონენტმა წინა წელს ბუნებრივ გაზში ჯამურად 700 ლარი გადაიხადა. ეს თანხა 12 თვეზე გაიყოფა და დაემატება „გაათანაბრეს“ ყოველთვიური მომსახურების საკომისიო 5%. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ყოველთვიურად 61,30 ლარს გადაიხდის. მოცემული გზით კი პროგრამა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, 45%-მდე თანხა დაზოგოს ცივ სეზონზე.
ყოველი წლის ბოლოს, ნებისმიერი სხვაობა სავარაუდო გადახდებსა და რეალურ დანახარჯს შორის დაკორექტირდება და აბონენტის ანგარიშზე დადებითი ან უარყოფითი ნაშთით აისახება.
როგორ ჩაერთვებით პროგრამაში „გაათანაბრე“?
პროგრამაში ჩასართავად „სილქის“ ახალ მობილურ აპლიკაციაში დარეგისტრირება და „გაათანაბრეს“ მარტივი ფორმის შევსებაა საჭირო. აბონენტის ნომრის მითითების შემდეგ, ალგორითმი მომხმარებელზე მორგებულ შეთავაზებას დააგენერირებს. დადასტურების შემთხვევაში კი პროგრამა ავტომატურად გააქტიურდება. აბონენტები „გაათანაბრეში“ ჩართვას ანათვალის ასაღებად მისული ინკასატორების ან „სოკარ ჯორჯია გაზის“ სერვის ცენტრების ოპერატორების დახმარებითაც შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ „გაათანაბრეს“ გასააქტიურებლად მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ალგორითმს მხოლოდ „სოკარ ჯორჯია გაზის“ სააბონენტო ისტორიაზე მიუწვდება ხელი.
გასულ წელს პროგრამით სარგებლობა საქართველოს მხოლოდ სამი ქალაქის – რუსთავის, მცხეთისა და ქუთაისის – მოსახლეობას შეეძლო. წელს კი, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მასში ჩართვის შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით „სოკარ ჯორჯია გაზის“ ნებისმიერ აბონენტს მიეცა.