გაათავისუფლეს თვითმხილველი, რომელიც დაღუპული ბაიკერის საქმეზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გაათავისუფლეს გიორგი მოდებაძე, რომელმაც 19 ივლისს მოტოციკლეტის საპატრულო პოლიციის მანქანაზე შეჯახების შემდეგ ვიდეო გადაიღო. ის პოლიციას მათი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით ჰყავდა დაკავებული.
მომხდართან დაკავშირებით მეტი დეტალების გასაგებად რადიო თავისუფლება გიორგი მოდებაძეს დაუკავშირდა. ის ამ ეტაპისთვის კომენტარს არ აკეთებს.
19 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში ბაიკერი დაიღუპა. მოტოციკლეტი პატრულის მანქანას ყაზბეგის გამზირზე, ასათიანის ქუჩის კვეთასთან მაშინ შეეჯახა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა ბაიკერს გზა ჩაუკეტა. დაღუპული 19 წლის რევი დემეტრაშვილია.
არსებული ინფორმაციით, 19 წლის რევი დემეტრაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა მოტოციკლეტს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს კი მისი შეჩერება სურდათ. ბაიკერი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და გააგრძელა მოძრაობა ალ. ყაზბეგის გამზირის მიმართულებით. სწორედ ამ დროს დაეჯახა ის საპატრულო პოლიციის მანქანას, რომელსაც პოლიციელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მართავდა.
ამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, ყაზბეგის გამზირზე ვიდეოგადაღება დაიწყო ერთ-ერთმა თვითმხილველმა გიორგი მოდებაძემ.
მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას, როცა მას პოლიციელები უახლოვდებიან. სწორედ ამ დროს წყდება ვიდეოგადაღება. შესაბამისად, არ არსებობს გიორგი მოდებაძესა და პოლიციელებს შორის კომუნიკაციის ამსახველი კადრები.
19 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). იმავე დღეს პროკურატურამ 19 წლის ბაიკერის დაღუპვის საქმეზე პოლიციელი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებულისთვის ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ, 20 ივლისს იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერს – მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ანტიქართული, ანტიევროპული საქმით ხართ დაკავებული, ამიტომ, თქვენ უნდა წახვიდეთ!