ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
წარმოიდგინეთ, რომ 10 წელი მკურნალობთ ერთ კლინიკაში. ბევრჯერ შეგეპარათ ეჭვი ექიმების კომპეტენციაში და მკურნალობის სისწორეში. მედიები სულ წერენ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ ეს ექიმები ფულს იპარავენ პროცედურებზე, წამლებზე და შედეგად პაციენტების მდგომარეობა უარესდება. ყოველ წელს მიდიხართ კლინიკის დირექტორთან და უყვებით ამ ამბებს, ის კი გეუბნებათ, რას იტყუებით, ამას კონკურენტი კლინიკა იგონებს, ჩვენ საუკეთესო ექიმები გვყავსო. წარმოიდგინეთ, რომ ბოლოს გახმაურდება უზარმაზარი სკანდალი და მართლაც აღმოჩნდება, რომ ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი წამლებს იპარავდა, ტყუილ პროცედურებს ატარებდა და ამის გამო ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა საშინელ მდგომარეობაშია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ გამოდის კლინიკის დირექტორი და ამბობს: – მართალია, ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თაღლითი ყოფილა, მართალია, ჩვენი ბრალია, რომ უფრო ავად ხართ, ვიდრე კლინიკაში მოსვლამდე, მართალია, რომ არ გიჯერებდით და ასეთი ცუდი ხელმძღვანელი ვიყავი. მაგრამ გუშინდელი დღის მერე სულ სხვანაირად იქნება ყველაფერი, მე პირადად მივადევნებ თვალს, რომ არავინ მოიპაროს, რომ რეალური პროცედურები და წამლები მიიღოთ. თქვენ ეკითხებით – კი, მაგრამ, მანამდე რატომ ვერ მოახერხეთ ეს, ჩვენ ხომ იმავეს გეუბნებოდით? ის კი პასუხობს:
– მანამდე დიფსტეიტის ჭკუაზე დავდიოდით და აწი არ ვივლით. თქვენ: კი მაგრამ, ხომ თქვენი მოვალეობა იყო ამ ყველაფრის მართვა, როგორ დაგვიმტკიცებთ, რომ ახლა შეძლებთ? ის: ჩემ სიტყვას უნდა ენდოთ! პირადად ვაგებ პასუხს! გააგრძელებდით მკურნალობას იმავე კლინიკაში?
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
“დღეიდან თუ სადმე ნახავთ კორუფციულ სქემებს, პირადად ვაგებ პასუხს.”




