ბუჩას ხოცვა-ჟლეტაზე EU-ს ქვეყნების ერთობლივ განცხადებას უნგრეთი არ შეუერთდა

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის მიერ ბუჩაში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტის 4 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა უერთდება უნგრეთის გარდა.
“დღეს ჩვენ კიევსა და ბუჩაში შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ბუჩაში ჩადენილი მასობრივი სისასტიკის მსხვერპლებს, რომელიც რუსეთმა 2022 წელს, კიევის რეგიონის ნაწილების დროებითი ოკუპაციის დროს ჩაიდინა – და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი ვალდებულება, უზრუნველვყოთ რუსეთის სრული პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის, მათ შორის გაეროს წესდების დარღვევით განხორციელებული აგრესიისთვის.
ჩვენ პატივს მივაგებთ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის ყველა მსხვერპლის ხსოვნას, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები მასობრივი მკვლელობების, წამების, სექსუალური ძალადობის, იძულებითი დეპორტაციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის სხვა მძიმე დარღვევების მსხვერპლი გახდნენ. რუსული ძალების გასვლის შემდეგ შეგროვებული მტკიცებულებები ხაზს უსვამს სრული და ყოვლისმომცველი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
რუსეთის აგრესიული ომის მე-5 წელს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად”. – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2022 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც ქალაქი ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა, უკრაინელმა სამხედროებმა ასობით დახოცილი მოქალაქე იპოვეს. ფოტო და ვიდეო მტკიცებულებების მიხედვით, მათი უმრავლესობა წამებით მოკლეს. ასევე, დასტურდება ბავშვებისა და ქალების გაუპატიურების ფაქტები