“წლების წინ შს არქივში 1937 წელს დახვრეტილი ბაბუაჩემის საქმე ვიპოვე (ახლა ეს არქივი დახურულია და ისტორიკოსებს კვლევის შესაძლებლობა არ აქვთ).
ამავე საქმეში აღმოჩნდა ჩემი 42 წლის დახვრეტილი ბაბუის “რეაბილიტაციის” ცნობაც, რომელიც 1957 წელს, მაშინ სტუდენტ ბებიაჩემს გადასცეს, რომელიც მანამდე, თავის დებთან ერთად, “ხალხის მტრის” შვილად იწოდებოდა.
საქმეში იმ ნივთების ჩამონათვალიც არის, რაც “კონფისკაციას დაექვემდებარა” და ასევე იმ სამი ადამიანის გვარიც, რომლებმაც ბაბუაჩემი დაასმინეს.
დასმენის ტექსტიც თან ახლავს ამ საქმეს.
ჩემი ბებიები იცნობდნენ ამ ხალხს.
ამ ისტორიაზე ვრცლად ვწერ ჩემ რომანში “საქართველოს სახელით” და ეს ცალკე თხრობის საგანია, დღეს კი ეს ტრაგედია ივანიშვილის ანტიკორუფციული სამსახურის ახალმა (სინამდვილეში, ძველმა) პრაქტიკამ გამახსენა – მოსახლეობისგან რომ ითხოვენ დანოსების წერას.
პარალელი დრამატულია.
ამაზე ბევრი შეგვიძლია ვიცინოთ და დაცინვა ალბათ ყველაზე ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ ისტორიული გამოცდილების თვალსაზრისით, სასაცილო რეალურად არაფერია. ცხადია, ვინმე რაჟდენი ვერ იქნება ლავრენტი ბერია, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში სხვანაირი, უფრო “ცუდი”, დასმენების წერაზე დაოსტატებული ხალხი ცხოვრობდა… იგივე ხალხი იყო, ჩვეულებრივი… აგერ ამ 3 ადამიანის გვარ-სახელი ახლაც წინ მიდევს, კარგი ქართული გვარ-სახელებით, თითქოს ხასიათიც კი რომ ჩანს მათი – ნაცნობი, ნამდვილი…
ზოგიერთებს “კალამს რომ ვერც ახლა გააგდებინებენ ხელიდან”, ამაში სამწუხაროდ სრულებითაც არ მეპარება ეჭვი.
ივანიშვილი კი იმაზე დიდი დამნაშავეა, ვიდრე ეს კიდევ ვინმეს წარმოუდგენია: რუსების მსგავსად და რუსებისგანვე მითითებით, ის ყველაზე მდაბალსა და ბნელს აღვიძებს ადამიანში, იმ თვისებას, რამაც თავის დროზე, 30-იან წლებში, ნორმად აქცია ტერორი,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.