ბექა ბურჯანაძის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ “ლეიმა კორუნაში” მოთამაშე ქართველმა ფორვარდმა გათამაშების ლიდერ “ვალენსიასთან” შედეგიანად ითამაშა და მისი გუნდი ბოლო პერიოდში იგებდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ა კორუნაში (ქალაქის სახელწოდებაა) გამართული მატჩი ვალენსიას გამარჯვებით – 99:91 დასრულდა.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:28 წუთი გაატარა. ბექამ 9-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 საიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა. ორმაგ დუბლამდე მას 2
მოხსნა დააკლდა. კორუნელთაგან ბომბარდირი იუნიო ბარუეტა გახდა, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა, საუკეთესო შედეგი კი ოლე ლუნდკვისტმა დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.
ლეიმა კორუნამ პირველი პერიოდი 30:28 მოიგო და მთელი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო – 70:70 და მხოლოდ ბოლო წუთებზე მოახერხა ესპანური ლიგის ლიდერმა ვალენსიამ მასპინძლების გატეხა. ვალენსიამ ჩემპიონატში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და “უნიკახასთან” ერთად ლიდერობა შეინარჩუნა. რაც შეეხება ბურჯანაძის გუნდს, “ლეიმა კორუნა” 4 მოგებითა და 9 მარცხით ცხრილში მე-16 ადგილზეა.
შემდეგი მატჩი ბურჯანაძის გუნდს 8 იანვარს, ვიტორიაში, “ბასკონიასთან” ელის. ეს გახლავთ წინა, მე-14 ტურის გადადებული შეხვედრა.
GBF