ბურჯანაძისა და შერმადინის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატში საჭირო მოგებები გაიფორმეს

ესპანეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩები მოიგეს ქართველი კალათბურთელების გუნდებმა – გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” და ბექა ბურჯანაძის “ლეიმა კორუნამ”. პირველი ლიდერთა შორისაა და რეგულარული ჩემპიონატის რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დასრულებისთვის იბრძვის, ხოლო ბურჯანაძის გუნდი ბოლო ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
სტატისტიკით ვერც ერთი ვერ გამოირჩა, თუმცა გამარჯვებაში თავისი წვლილი ორივე ქართველმა შეიტანა. “ტენერიფემ” ბადალონას “ხუვენტუდს” უმასპინძლა და ფიცხელ ბრძოლაში – 82:81 სძლია. გამარჯვების სამქულიანი მატჩის ბოლო წამზე აბრომაიტისმა ჩააგდო. გიორგი შერმადინმა 17 წუთი ითამაშა და შეხვედრა 3 ქულით, 2 მოხსნით,
1 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგო.
16 მოგებითა და 5 მარცხით “ტენერიფე” “უნიკახასთან” ერთად 2-3 ადგილებს იყოფს. პირველზე კი მადრიდის “რეალია”. ბექა ბურჯანაძის “ლეიმა კორუნამ” ერთ-ერთ კონკურენტს, “ლეიდას” უმასპინძლა და 97:84 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 15:32 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბურჯანაძემ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან კი 2 სროლა შეუცდომლად ესროლა.
“ლეიმა კორუნა” 5 მოგებითა და 16 მარცხით ბოლო ადგილზე რჩება და 1 ქულით ჩამორჩება მის წინ განლაგებულ 3 თანაბარქულიან გუნდს – “ხირონას”, “გრანადას” და “ლეიდას”.
GBF.GE