თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელიც დღეს დააკავეს, ტვინის შერყევა აქვს.
ამის შესახებ ინფორმაცია ბურჭულაძის ადვოკატმა ჟურნალისტებს დაუდასტურა. ადვოკატი ირწმუნება, რომ ჩხუბს ადგილი არ ჰქონია და ბურჭულაძე სახლის პირობებში დაშავდა.
„სასწრაფო დახმარება იმიტომ გახდა საჭირო, რომ რამდენიმე დღის წინ მას მიღებული აქვს ტრავმა საყოფაცხოვრებო პირობებში, აქვს წოლითი რეჟიმი და ამიტომ ექიმის რეკომენდაცია იყო, რომ უნდა გადაეყვანათ შესაბამისი სასწრაფო დახმარების მანქანით…
სახლშიც შეიძლება წაიქცეს ადამიანი ელემენტარულად, რა პრობლემაა? სახლში იყო და გადაადგილების დროს წაიქცა და მიიღო ტვინის შერყევა. რამდენიმე დღე აქვს წოლითი რეჟიმი“, – აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს. ყოფილ მინისტრს თანამდებობით ბოროტად სარგებლობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




