“ინტერპრესნიუსი” საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის წერილს ავრცელებს.
იგი, ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მან ესპანეთში შეძენილი სახლი დეკლარაციაში არ შეიტანა, სიცრუეს უწოდებს.
იგი განმარტავს, რომ მან აღნიშნული საცხოვრებელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2025 წელს შეიძინა.
“ვინაიდან ჩემმა დაკავებამ საზოგადოებაში დიდი და არაერთგვაროვანი რეზონანსი გამოიწვია, მსურს, განვმარტო ამ ეტაპზე ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებული აბსურდულობა.
ის, რომ საზოგადოებას მედიის საშუალებით სამართალდამცავი ორგანო აწვდის ინფორმაციას, თითქოს ესპანეთში შეძენილი სახლი არ შევიტანე დეკლარაციაში, აღნიშნული არის სიცრუე. ჩემი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახვის ვალდებულება მოიცავდა 2024 წელს. აღნიშნულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხით სასამართლოდან გამოსული პროკურორი ასევე შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა მედია და საზოგადოება და უპასუხა, რომ „ბურჭულაძემ დეკლარაცია შეავსო მარტში“, თუმცა არ მიუთითა ინფორმაციის დეკლარაციაში ასახვის სავალდებულო პერიოდი, რაც წარმოადგენდა 2025 წლის 1-ლ იანვარს. აღნიშნული იყო არა მხოლოდ საჯაროდ გაჟღერებული ცრუ ბრალდება, არამედ ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. მე თავდაცვის მინისტრის პოსტი დავტოვე 2024 წლის თებერვალში და 2025 წელს შევავსე დეკლარაცია 2024 წლის შემოსავლების შესახებ, რა დროსაც ვიხელმძღვანელე “დეკლარაციის შევსების შესახებ“ კანონით. სახლი ესპანეთში ოჯახის მიერ შეძენილია 2025 წელს.
რაც შეეხება აღნიშნული ქონების შეძენას, თითქოსდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციით – მე და ჩემი ოჯახის წევრებმა გამოძიების დაწყებისთანავე მიცემულ ჩვენებებში დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ქონების რეალიზაციით დაიფარა აღნიშნული სახლის საფასური. მას შემდეგ, რაც დავტოვე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, ოჯახმა 3 უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა, რომელთაგან მხოლოდ ორიც ერთობლიობაში უზრუნველყოფდა სადავო ქონების შეძენას. გასხვისებულ ქონებას ჩემი ოჯახი ფლობდა 15 წლის წინაც, მათ შორისაა ორი ბინა თბილისში, რომელსაც დღეს სხვა მფლობელები და მოსარგებლეები ჰყავს.
იმედს ვიტოვებ, რომ ეს უსამართლობა უმოკლეს დროში დასრულდება”, – აცხადებს ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი 11 სექტემბერს დააკავა.
ბურჭულაძეს ბრალი ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 სექტემბერს შეეფარდა.
