საქართველოს სწრაფი კვების რესტორანი “წიწილა”, რომელიც მომხმარებლებს ექსკლუზიურად ქათმისგან დამზადებულ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, სწრაფად ვითარდება. როგორც კომპანიის დამფუძნებლები “საქმიან დილაში” ამბობენ, დღეში “წიწილა” საშუალოდ 300 სენდვიჩს ყიდის, რამაც მარიამ მარხულია და რატი წვერავა შთააგონა, საკუთარი პურის საწარმო შეექმნათ.
დღეს, “წიწილას” პურის საწარმოში ცხვება, როგორც ექსკლუზიურად “წიწილას” სენდვიჩებისთვის განკუთვნილი ჩაბატა, ასევე ბურგერის პური, ჰოთ-დოგის ფუნთუშა და ბაგეტი. როგორც “წიწილაში” ამბობენ, საწარმო ორი თვის წინ ამოქმედდა და დღეს, ქათმის რესტორნის გარდა, სამი ობიექტის ხუთ ფილიალს ემსახურება, რასაც დამფუძნებლები პურის ხარისხს მიაწერენ.
“ვფიქრობთ, რომ “წიწილას” დიდი პოტენციალი აქვს, რის გამოც გადავწყვიტეთ “პურის საწარმო გაგვეხსნა — ჩვენი პურის საწარმო. რეცეპტით დაწყებული, სოუსით დამთავრებული — “წიწილაში” ყველაფერი ჩვენ შევქმენით. ერთადერთი, რასაც არ ვაცხობდით, პური იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სენდვიჩები ჩვენს სტუმრებს განსაკუთრებით უყვართ, გადავწყვიტეთ ეს მიმართულებაც აგვეთვისებინა და ჩაბატას ცხობა დავიწყეთ.
უშუალოდ “წიწილას” ჩაბატას გარდა, საწარმოში პურის სხვა სახეობებსაც ვაცხობთ, რომელთაც სხვა რესტორნებს ვაწვდით. ჩვენთან ცხვება, როგორც ბურგერის პური, ასევე ბაგეტი, მინი ბურგერის პური, ჩვეულებრივი ქვის პური, რუხი და თეთრი პური და ჰოტ-დოგის ფუნთუშა. ერთადერთი პურის სახეობა, რომელსაც სხვა კომპანიებზე არ ვყიდით — ჩაბატაა, რომელიც ექსკლუზიურად “წიწილას” პურია.
პურის საწარმო ორი თვის წინ გავხსენით, ხოლო სხვა კომპანიებთან თანამშრომლობა ერთი თვის წინ დავიწყეთ. დღეს, ამ მოკლე დროში, უკვე რამდენიმე პარტნიორი კომპანია გვყავს, რაც ჩვენი პურის მაღალი ხარისხის დამსახურებაა. პურის ცხობა არ არის მარტივი, კარგი პურის გამოსაცხობად საჭიროა ცოდნა, გამოცდილი ხელი და ყურადღება”, — აღნიშნავს “წიწილას” თანადამფუძნებელი, მარიამ მარხულია “საქმიან დილაში”.
როგორც “წიწილას” დამფუძნებლები ამბობენ, “წიწილას” მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
“იმ დროს, როცა საწარმო გავხსენით, ერთი ინტერესი გვქონდა — საწარმოს “წიწილას” მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა. დღეში, “წიწილა” საშუალოდ 300 სენდვიჩს ყიდის, რაც საკმაოდ კარგი შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ იანვარი და თებერვალი შედარებით ნაკლებად დატვირთული პერიოდია. გამოდის, რომ ვუახლოვდებით იმ ეტაპს, როცა, შესაძლოა, ერთი რესტორნის წარმოების მაქსიმუმი ამოვწუროთ და გაფართოებაზე ვიფიქროთ… დღეს, საწარმო პურით სამი ობიექტის ხუთ ფილიალს ამარაგებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ოცამდე კომპანიის მომსახურების რესურსი გვაქვს”, — განაცხადა “წიწილას” თანადამფუძნებელმა, რატი წვერავამ “საქმიან დილაში”.
როგორც “წიწილაში” ამბობენ, სწრაფი კვების ქართული რესტორანი სწრაფად იზრდება. დღეს, ქათმის რესტორანში შეხვდებით, როგორც კარგად ნაცნობ უცხოურ სენდვიჩებს, ასევე ტრადიციულად ქართულ გემოებს, მათ შორის სენდვიჩს ჯონჯოლით ან შქმერულად.




