ბუნებრივი აირის იმპორტი საქართველოში 22.3%-ით შემცირდა

ბუნებრივი აირის იმპორტი საქართველოში წლიურად 22.3%-ით შემცირდა.
Galt&taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის 4 თვეში ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება წლიურად 22.3%- ით შემცირდა, რაც დაბალი საიმპორტო ფასის შედეგია, რადგან მოცულობა ბევრად ნაკლებად 7.8%-ით შემცირდა წ/წ.
რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, 2024 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 20.4%-ით გაიზარდა. ევროპული გაზის (Dutch TTF) ნეტ ყიდვის პოზიციებმა 2022 წლის თებერვლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ენერგოკრიზისის დროს გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვებით, ევროპის კონტინენტმა შეძლო რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. მეორეს მხრივ, ახლა მას LNG-სთვის აზიასთან უწევს კონკურენცია.
„წინა მიმოხილვებში ვახსენეთ, რომ ენერგოკრიზისი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს დასრულებულად, როცა ცივი ზამთრის დროს ევროპაც და აზიაც შეძლებენ საკმარისი მიწოდების მოძიებას. თუმცა, შესაძლოა გლობალური მიწოდების გადანაწილება ცივ თვეებამდე ბევრად ადრე გახდეს საჭირო. ბუნებრივი აირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გათბობაში, მაგრამ ის ასევე აღსანიშნავი კომპონენტია ცხელ თვეებში გაგრილებაში. წლევანდელი ზაფხული, სავარაუდოდ, რეკორდულად ცხელი იქნება, რაც ბუნებრივი აირის მოთხოვნაშიც აისახება. მაგალითად, ეგვიპტემ, რომელიც როგორც წესი ექსპორტიორია, LNG-ის შესყიდვა დაიწყო რათა ცხელ თვეებში ელექტროენერგიის გათიშვა აირიდოს.
ასევე მზარდია მოთხოვნა ინდოეთში, რაც აქაც ელექტროენერგიის სექტორისგან მომდინარეობს. ცხელი ოკეანეები ჩრდილოეთ ამერიკაში ქარიშხლების წარმოშობას უწყობს ხელს, რაც -ს LNG წარმოებას უქმნის საფრთხეს. დამატებით, გვალვების გამო შესაძლოა ლათინურ ამერიკაში ჰიდრო გენერაცია შემცირდეს და საპირწონედ თერმო გენერაცია გაიზარდოს. Citigroup-ის მიხედვით, ამ ორ კომპონენტს თუ ევროპა-აზიის მნიშვნელოვანი მოთხოვნაც დაემატება, შესაძლებელია ფასები ახლანდელი ნიშნულიდან 50-60%-ით გაიზარდოს. ფუნდამენტური მიზეზების გარდა, ფასზე გავლენას მოულოდნელი მოვლენებიც ახდენს.
ორშაბათს, 3 ივნისს, ევროპული გაზის ფასი რამდენიმე საათში 13%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ეს ნახტომი ნორვეგიის ერთ-ერთი გაზ-გადამამუშავებელი ქარხნის გაჩერებას მოჰყვა. ცნობისთვის, 2023 წელს ნორვეგიული ბუნებრივი აირი ევროკავშირის მოხმარების 30%-ს აკმაყოფილებდა. რუსულმა Gazprom-მა 2023 წლის ფინანსური შედეგები წარადგინა – ზარალი $6.9მლრდ, რაც ბოლო 25 წლის ყველზე ცუდი შედეგია. ანალიტიკოსების მიხედვით, ეს რიცხვები კარგად აჩვენებს თუ როგორ ვერ შეძლო ენერგო-გიგანტმა ევროკავშირის ბაზრის დაკარგვასთან გამკლავება. სანაცვლოდ, ცდილობს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაზრდას და აქტიურად ლობირებს Power of Siberia 2 პროექტს, რაც ორ ქვეყანას გაზსადენით დააკვაშირებს. თუმცა, Financial Times-ის მიხედვით, პეკინის საფასო მოთხოვნების გამო გარიგება ნელა მიიწევს წინ, რაც მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის დომინანტი სავარაუდოდ ჩინური მხარეა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.