„ბუნებრივია გამოიწვევს მშენებლობის გაძვირებას“ – „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი ფინანსთა სამინისტროს ინიციატივაზე

„ბუნებრივია გამოიწვევს მშენებლობის გაძვირებას“ – „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი ფინანსთა სამინისტროს ინიციატივაზე
მშენებლობის სექტორში ახალი რეგულაციები მტკიცდება. ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის. ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის სექტორში უქმდება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე არსებული შეღავათი. მოქმედი კანონით ისინი 1%-ით იბეგრებიან. ინიციატივის მიხედვით, კი 20%-ით დაიბეგრებიან. მშენებლობის სექტორში მცირე მეწარმის სტატუს ანიჭებენ კომპანიაში დასაქმებულ მუშებს, რომლებიც არა დაქირავების ხელშეკრულებით, არამედ სერვისის მიწოდების ხელშეკრულებით მუშაობენ და კომპანიებს სერვისს აწვდიან.
რას ნიშნავს სამშენებლო სექტორისთვის ახალი რეგულაცია? და რა გავლენას მოახდენს ის? კითხვით ,,კომერსანტმა’’ სამშენებლო კომპანია ,,აპექს დეველოპმენტის’’ დირექტორს ვლადიმერ რობაქიძეს მიმართა. ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ახალი რეგულაცია მშენებლობას გააძვირებს და ასევე, უარყოფითად იმოქმედებს მუშების ანაზღაურებაზე. ვლადიმერ რობაქიძე აღნიშნავს, რომ სამშენებლო სექტორში დღეს კვალიფიციური კადრების დეფიციტია და ახალი რეგულაცია მუშახელის პრობლემას კიდევ უფრო გაამძაფრებს.
,,სამწუხაროა. ბუნებრივია, გამოიწვევს მშენებლობის გაძვირებას. ზოგადად, მუშახელი ძალიან ჭირს ქვეყანაში. სამშენებლო სფერო დეფიციტს განიცდის. ეს დამატებით პრობლემებს შექმნის. ზოგადად ძალიან ჭირს სამშენებლო სფეროში კარგი სპეციალისტების პოვნა. ბოლო პერიოდში კარგი სპეციალისტები ვინც არიან, გავიდნენ ქვეყნიდან. არ იქნება მთლად კარგი ეს ინიციატივა სამშენებლო სფეროსთვის. მუშებს ის შემოსავალი, რაც ჰქონდათ შეუმცირდებათ. შემცირებულმა შემოსავლებმა შეიძლება კიდევ მეტად განაპირობოს ხალხის გადინება. ჩვენ არ გვყავდა ბევრი კადრი. დაზარალდებიან მუშები ან სამშენებლო კომპანია და შეუმცირდებათ მუშებს ანაზღაურება.’’- აცხადებს ვლადიმერ რობაქიძე.
,,აპექს დეველოპმენტის’’ დირექტორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ინიციატივის შესახებ დღეს გაიგო. ვლადიმერ რობაქიძე აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა ცვლილებების შესახებ სამშენებლო კომპანიებს უფრო ადრე სცოდნოდათ, რადგან მათ მცირე დროში ახალ რეალობაზე გადაწყობა გაუჭირდებათ.
,,მაინც მცირე დრო არის. მე მაგალითად, პირადად დღეს გავიგე ამ კანონთან დაკავშირებით. იანვარში ნახევარი თვე ისედაც ვისვენებთ. ალბათ, სავარაუდოდ გაგვიჭირდება ასეთ მცირე დროში გადაწყობა. კარგი იქნებოდა ინფორმაცია მოეწოდებინათ. ყველაზე დიდი გადამხდელები ვართ ჩვენ. ჩვენი სფერო ბიუჯეტს ავსებს და პატივისცემის კუთხით აზრების გაცვლა არ იქნებოდა ურიგო. ჩვენ მსხვილი გადამხდელები ვართ ქვეყანაში. ისე, რომ მიიღებოდეს კანონები, რომ არ ვიზარალოთ არ იქნებოდა ცუდი.’’- აცხადებს ვლადიმერ რობაქიძე.