გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა, დაამტკიცა დოკუმენტი, რომელიცქ ვეყანაში მიგრანტებზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით მიმართავს მთავრობას. მას ჰქვია „შიდა უსაფრთხოების პოლიტიკის ცვლილების ინიციატივა“ და ითვალისწინებს სასაზღვრო კონტროლის შემოღებას და პოლიციისა და უსაფრთხოების სხვა ორგანოების უფლებამოსილებების გაფართოებას ქვეყანაში შესული მიგრანტების კონტროლისთვის.
დოკუმენტი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ შეიტანა ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციამ და, სავარაუდოდ, კანონის სახით 23 თებერვლის არჩევნების შემდეგ იქნება მიღებული: ქრისტიან-დემოკრატები არჩევნებში ძალზე დიდი ალბათობით გაიმარჯვებენ.
ოთხშაბათს მიღებული დოკუმენტი შეიცავს შემდეგ მოთხოვნებს ფედერალური მთავრობის მიმართ:
· მუდმივი სასაზღვრო კონტროლის შემოღება გერმანიის საზღვრებზე ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან,
· მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა, თუ მათ არა აქვთ შესვლის ლეგალური საფუძველი,
· პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ მოქმედი დოკუმენტები და რომლებზეც არ ვრცელდება წესები ევროკავშირის შიგნით გადაადგილების თავისუფლების შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა გააჩერონ საზღვარზე და არ შეუშვან ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, შეიტანენ თუ არა ისინი მოთხოვნას გერმანიაში დაცვის შესახებ,
· პირებმა, რომლებიც გერმანიის სასამართლოებმა დაავალდებულეს, რომ დატოვონ ქვეყანა, ეს უნდა გააკეთონ და, ამასთან, დეპორტაციამდე არ უნდა იყვნენ თავისუფლები,
· ფედერალურ მხარეებში არალეგალური ემიგრანტების დაკავების დაწესებულებებში ადგილების მნიშვნელოვანი ზრდა.
მთავრობისადმი მიმართვაში ავტორები ცალკე ამტკიცებენ, რომ:
· თავშესაფრისა და მიგრაციის არსებული პოლიტიკა მუქარას წარმოადგენს გერმანიის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სახელმწიფოს მიმართ,
· გერმანიაში ბოლო წლებში განხორციელებულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო მიგრაციის კონტროლი, სამართლებრივი ხარვეზების ამოვსება და გერმანიაში არალეგალური მიგრაციის ისეთი სტიმულების აღმოფხვრა, როგორიცაა გადაჭარბებული სოციალური შეღავათები.
· არსებული ევროპული რეგულაციები, როგორებიცაა დუბლინის შეთანხმება და შენგენის შეთანხმება, არ ფუნქციონირებს გამართულად,
· გერმანიამ პრიორიტეტულად უნდა გამოიყენოს ეროვნული კანონმდებლობა „მიგრანტების“ საკითხში, თუ ევროპული რეგულაციები არ მუშაობს, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროპულ ხელშეკრულებებში საგანგებო სიტუაციებისთვის.
ვინაიდან დოკუმენტი არ წარმოადგენდა კანონს, მის მისაღებად მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ „მომხრე“ ხმების რაოდენობას „წინააღმდეგის“ რაოდენობისთვის გადაეჭარბებინა. საბოლოოდ ბუნდესტაგმა მიგრანტებთან დაკავშირებული მიმართვა დაამტკიცა მხოლოდ სამი ხმის უპირატესობით: 348 დეპუტატმა მხარი დაუჭირა მას, 345 წინააღმდეგი იყო და ათმა თავი შეიკავა.
ამასთან, დოკუმენტი მიღებულ იქნა არა მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატების, არამედ, პირველად ბუნდესტაგის ისტორიაში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანიის მეინსტრიმული პარტია თანამშრომლობს AfD-სთან, რომელთან თანამშრომლობაც მიუღებლად ითვლება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნების შემდეგ როგორც ქრისტიან-დემოკრატებს, ასევე AfD-ს და სხვა ძალებს, რომლებიც მხარს უჭერენ მიგრანტებზე მკაცრ კონტროლს გერმანიაში, ალბათ ბუნდესტაგში უფრო მეტი ხმა ექნებათ, ვიდრე ახლა. ამიტომ, მიგრანტების საწინააღმდეგო ინიციატივების კანონებად გაფორმების შანსები საკმაოდ მაღალია.