უკრაინას, რა თქმა უნდა, შეუძლია გაიმარჯვოს, – ასე შეაფასა გერმანიის შეიარაღებული ძალების (ბუნდესვერის) გენერალ-მაიორმა კრისტიან ფროიდინგმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით არსებული ვითარება.
„სწორედ კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი შეტევითი ოპერაციის მაგალითზე ვხედავთ, რომ უკრაინას შეუძლია, ხელში ჩაიგდოს ინიციატივა, მიაღწიოს წარმატებას და მნიშვნელოვანი ტკივილი მიაყენოს რუსეთს. ვფიქრობ, ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ უკრაინულ ჯარებს ჰქონდეთ ნება და უნარი, მიაღწიონ წარმატებას ამ ომში და მოიგონ ის“, – აღნიშნა ბუნდესვერის გენერალმა.
კითხვაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ ომში, გენერალმა უპასუხა, რომ ეს თავად უკრაინელებმა უნდა განსაზღვრონ.
„აშკარაა, რომ უკრაინის პოლიტიკური მიზანია ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ 1991 წლის საზღვრებში. ჩემი შეფასებით, უკრაინელები არ ფიქრობენ, რომ ამას 2024 წლის ბოლომდე მიაღწევენ, მაგრამ მიზანი უნდა იყოს, რომ მათ ჰქონდეთ სამხედრო შესაძლებლობები, რათა დროთა განმავლობაში მიაღწიონ ამ მიზანს“, – აღნიშნა კრისტიან ფროიდინგმა.