ბათუმის ბულვარში კომერციული ფართობების საიჯარო წესით გასასხვისებლად ბულვარის ადმინისტრაციამ ელექტრონული აუქციონები გამოაცხადა. ნაწილი უკვე დასრულებულია ნაწილი 11 ივნისს უნდა დასრულდეს.
ამ დროისთვის უკვე გასხვისებულია რამდენიმე მიწის ნაკვეთი როგორც ბათუმის ცენტრში ასევე, გონიო-კვარიათის პლაჟზე, მათ შორის მცირე ზომის რამდენიმე მონაკვეთი უალკოჰოლო სასმელების სარეალიზაციოდ , სუვენირებისთვის განკუთვნილი ჯიხურები და ასე შემდეგ.
გასხვისების ვადა რიგ შემთხვევებში 2026 წლის 01 იანვრამდე, რიგ შემთხვევებში სექტემბრის ბოლომდეა. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა კი სრული საიჯარო პერიოდის საფასურია .
აუქციონები ნაწილობრივ დასრულებულია გონიო-კვარიათის პლაჟებზეც, ამ ზონაში კონკურენცია გაცილებით მაღალია. ამას ადასტურებს უკვე გასხვისებული ნაკვეთების ელექტრონული ვაჭრობისას დაფიქსირებული მონაცემები. მაგალითად, გონიო-კვარიათის პლაჟზე 300 კვ.მეტრი ბულვარის ადმინისტრაციამ აუქციონზე 3510 ლარად გაიტანა, ის კონკურენციის პირობებში 254-ე ბიჯით საბოლოოდ 30 180 ლარად გასხვისდა. აუქციონი პლაჟზე მიწის ნაკვეთის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემას გულისხმობს საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.
მეორე იგივე ზომის ნაკვეთი, რომელიც იგივე ფასად იყო აუქციონზე გატანილი 74-ე ბიჯით 11 280 ლარად გასხვისდა. ამ შემთხვევაში სარგებლობაში გადაცემის ვადაა 2025 წლის 01 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. დანიშნულება იგივეა – საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსება.
აუქციონის პირობების მიხედვით აუქციონში გამარჯვებული [ მოიჯარე] ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს თანამედროვე დიზაინის, ვიზუალურად მოწესრიგებული და დაუზიანებელი საპლაჟო ინფრასტრუქტურა – შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი.
მოიჯარე [აუქციონში გამარჯვებული] ვალდებულია სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, განახორციელოს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობა, დასუფთავება და სანიტარული ნორმების დაცვა.
პირობებში ასევე ვკითხულობთ: მოიჯარეს ეკრძალება იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის ნებისმიერი სახით შემოღობვა, ასევე პლაჟის მონაკვეთზე საპლაჟო ინფრასტრუქტურის იმდაგვარად განთავსება, რაც შეუძლებელს გახდის ნებისმიერი დაინტერესებული პირის იჯარით აღებული მონაკვეთის გავლით ზღვის სანაპიროზე მოხვედრას.
ეს მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რადგან პლაჟზე ხშირად შეზლონგები ისეა დალაგებული, რომ ჩამოსაჯდომ ადგილსაც ვერ იპოვი შეზლონგი თუ არ იქირავე.
წელს ბულვარის ადმინისტრაციას გონიო-კვარიათის პლაჟზე მხოლოდ მცირე ზომის ნაკვეთები არ გამოუტანია. გონიოში აუქციონზე გაიტანეს 774 კვ.მეტრი პლაჟი 8822 – ლარად. ეს ნაკვეთი 70- ე ბიჯით 27 796 ლარად გაასხვისა.
გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როცა ნაკვეთები მესამე ბიჯით გაიყიდა და ფასიც შესაბამისად ბევრით არ გაზრდილა.
ამ ეტაპზე ბულვარის ადმინისტრაცია ასხვისებს 800 კვ.მეტრს პლაჟზე ხიმშიაშვილის ქუჩის, ე.წ, ევროპარკის გასწვრივ 2025 წლის პირველ ნოემბრამდე ვადით. აუქციონი 5 ივნისს გამოაცხადეს და 11 ივნისს უნდა დასრულდეს. საწყისი ფასი 13 600 ლარია. გამარჯვებულს უფლება ეძლევა განათავსოს საპლაჟო ინფრასტრუქტურა 800 კვ.მ-ზე ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე .
აუქციონზე გაიტანეს პლაჟზე 900 კვ.მეტრი სასტუმრო ჰილტონის მიმდებარედ, საწყისი ფასი 15 300 ლარია. მოიჯარე უფლებამოსილია დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე არაუმეტეს 5 კვ.მ.-ზე განათავსოს ზღვაზე სასეირნო დაფები [საბბორდები]
მოიჯარე ვალდებულია სექტორზე განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟო ინფრასტრუქტურა – შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი, სადაც ერთი ერთეული შეზლონგისა და ქოლგის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ერთი შეზლონგი – 5ლარი, ქოლგა – 5 ლარი . სარგებლობის ვადა 2025 წლის პირველ ნოემბრამდეა.
ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟებს ასხვისებს ასევე კორტების გასწვრივ არსებულ პლაჟზე.
წყარო: “ბათუმელები”
