ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ ტაგარევმა 14 მარტს განაცხადა, რომ ბულგარულმა მხარემ წარმატებით დაასრულა უკრაინისათვის გასულ წელს დაპირებული ყველა ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნა.
“სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირების, ეშელონზე დატვირთვის, დაცვის გაძლიერებისა და შენიღბვის ლოგისტიკურ ოპერაციაში სხვადასხვა ეტაპზე ჩართული იყო 26 ერთეული სპეცტექნიკა, 247 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი”, – განაცხადა ტაგარევმა.
ბულგარეთის სამხედრო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯავშანტრანსპორტიორების დედაქალაქ სოფიაში ჩატანა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ეტაპობრივად 29 იანვარს დაიწყო და 4 კვირას გაგრძელდა. 30 ვაგონისგან შემდგარი პირველი ეშელონი უკრაინაში 7 მარტს გაემგზავრა, ბოლო ეშელონი კი მიმდინარე კვირაში.
2023 წლის დეკემბერში ბულგარეთის პარლამენტმა გადალახა პრეზიდენტ რუმენ რადევის მიერ უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების გადაწყვეტილებაზე დადებული ვეტო.
რადევმა თავისი ვეტო იმით გაამართლა, რომ სიძველის მიუხედავად, ბულგარეთში ჯავშანტექნიკის გამოყენება შეიძლებოდა, მაგალითად, საზღვრის დაცვის ან კატასტროფების მართვის დროს. “მე ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე პრიორიტეტი უნდა იყოს”, – განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.
უფრო ადრე, 2023 წლის ივლისში, სოფიაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე რუმენ რადევმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს რამდენჯერმე უწოდა „კონფლიქტი“, რომელიც გადაიზრდება გამომფიტველ ომში და შეუძლებელია მისი სამხედრო გზით გადაჭრა.
უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარეთის პრეზიდენტს შეუსწორა, რომ ეს არა კონფლიქტი, არამედ ომიაო. ზელენსკიმ ბულგარელ კოლეგას ურჩია, რომ იარაღი მიაწოდოს უკრაინას, რომელიც ამ იარაღით ევროპას იცავს. „ის, რაც თქვენ დაგრჩათ, არასაკმარისი იქნება თქვენი არმიისთვის რუსეთთან საომრად, თუ ის აქ მოვა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის დროს.
უკრაინისათვის გადაცემული ჯავშანტრანსპორტიორები ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობში 1980-იანი წლებიდან ინახებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბულგარულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორები პირდაპირ გადასცა კიევს და არა შუამავლების გზით, როგორც ეს ადრე ხდებოდა.