ბულგარეთი შესაძლოა, 2026 წლიდან ევროზონაში შევიდეს და ქვეყანაში ოფიციალური ვალუტა ევრო გახდება – Politico

ბულგარეთი შესაძლოა, 2026 წლიდან ევროზონაში შევიდეს. შესაბამისად, ბულგარეთში ოფიციალური ვალუტა ევრო გახდება, – აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, სავარაუდოდ, ევროკომისია და ევროპის ცენტრალური ბანკი ივნისის დასაწყისში ბულგარეთის ევროზონაში შესვლას დაამტკიცებენ.
გამოცემის წერს, რომ ევროზონაში შესვლა ქვეყანას დაეხმარება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის გააქტიურებაში, ტრანზაქციული ხარჯების შემცირებასა და გავლენის გაძლიერებაში.
დღემდე, ბულგარეთს არ აქვს ხმის უფლება ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის საკითხებში, რადგან ევროზონაში არაა.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ბულგარეთი 2026 წელს ერთიან ევროპულ ვალუტას თუ შეუერთდება, ბულგარეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ოფიციალურ ადგილს დაიკავებს ევროპის ცენტრალური ბანკის სამმართველო საბჭოში.
როგორც გამოცემა წერს, ექსპერტების ნაწილის აზრით, ბულგარეთის ევროზონაში შესვლამ შესაძლოა, ქვეყანაში გამოიწვიოს ფასების მატება, რაც განსაკუთრებით დააზარალებს სოფლის მოსახლეობას. ამასთან, ბულგარეთის პრეზიდენტმა მიმდინარე თვის დასაწყისში გამოთქვა სურვილი, ჩაეტარებინა რეფერენდუმი ქვეყნის ევროზონაში შესვლის გადავადების შესახებ.
1tv.ge