ბულგარეთი ეძებს იარაღის საწარმოებში აფეთქებების გამო ტერორიზმში ბრალდებულ 6 რუსს

ბულგარეთმა ევროპის მასშტაბით ძებნილად გამოაცხადა ტერორიზმში ბრალდებული ს 6 მოქალაქე, რომლებსაც სავარაუდოდ, კავშირი აქვთ იარაღის საწყობებსა და ქარხნებში 2011-2020 წლებში მომხდარ ოთხ აფეთქებასთან.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის პროკურატურამ ოფიციალური ინფორმაცია 30 იანვარს გამოაქვეყნა. ძებნილთა ვინაობა დაკონკრეტებული არ არის. გამოძიების თანახმად, დადგენილია, რომ რუსეთის 6 მოქალაქეს, რომლებიც ბულგარეთში გამოგონილი სახელებით იმყოფებოდნენ, კავშირი აქვთ იარაღის საწარმოებსა და საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან.
რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2011 წელს, დასახლებულ პუნქტ ლოვნიდოლში, ბიზნესმენ ემელიან გებრევის კომპანია EMCO-ს საწყობში მომხდარ აფეთქებას, 2015 წელს მომხდარ ორ აფეთქებას დაბა იგანოვოში მდებარე მანქანათმშენებელ ქარხანაში და 2020 წელს მომხდარ აფეთქებას ქალაქ მიგლიჟის ქარხანა „არსენალში“.
ბულგარეთში მომხდარი ოთხი აფეთქების ერთ საქმედ გამოძიების შესახებ პროკურატურამ საჯაროდ, პირველად განაცხადა 2021 წლის აპრილში და მას შემდეგ გამოძიების დეტალებზე არ უსაუბრია. ვარაუდობენ, რომ აფეთქებების ორგანიზებასთან კავშირი აქვთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) აგენტებს. გამომძიებლები იკვლევენ აფეთქებებთან ბულგარეთის მოქალაქეების შესაძლო კავშირსაც.
რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ინფორმაციით, ძებნილად გამოცხადებული ექვსი რუსიდან სამს, სავარაუდოდ, ადანაშაულებენ ბიზნესმენ ემელიან გებრევზე 2015 წელს მომხდარ თავდასხმაშიც, რომლის გამოძიებაც ცალკე მიმდინარეობს. გებრევის კომპანია იარაღს სავარაუდოდ, საქართველოსაც აწვდიდა.

ასევე დაგაინტერესებთ