ბულგარეთის პარლამენტმა, ლიბერალ ჯორჯ სოროსთან და მის ვაჟთან, ალექსანდერ სოროსთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომპანიების სავარაუდო ჩარევის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას მისცა ხმა.
გამოცემა “Balkan Insight” წერს, რომ ეს ნაბიჯი ოლიგარქისა და პარლამენტის წევრის, დელიან პეევსკის პოლიტიკური პარტიის, „უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მოძრაობა – ახალი დასაწყისის“ მიერ იყო წამოწყებული და მხარდაჭერილია ნაციონალისტური პარტიების „არსებობს ასეთი ხალხი და კავშირი”, “მორალი და ღირსება“, ასევე კრემლის მომხრე ძალების, „აღორძინებისა“ და ბულგარეთის სოციალისტური პარტიის მიერ.
გასული წლის სექტემბერში პეევსკიმ განაცხადა, რომ სოროსთან დაკავშირებული სუბიექტები მონაწილეობდნენ „ღირებულებების გენდერული იდეოლოგიით ჩანაცვლებაში“ და „ძლიერ ლობისტურ სტრუქტურებში“.
გამოცემის ინფორმაციით, საპარლამენტო კომისიის მიზანია, დაადგინოს სოროსის „კავშირები პოლიტიკურ პარტიებთან, მაგისტრატებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მედიასთან, ბიზნეს სტრუქტურებთან და სახელმწიფო ხელისუფლებასთან“.
“სოროსთან აფილირებული ფინანსებით მოსარგებლე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ასევე გახდნენ ულტრამემარჯვენე პარტია „აღორძინების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტის სამიზნე, რომელიც მათ „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადებას აპირებდა, თუმცა, კანონმდებლობის მიღების განმეორებითი მცდელობები, ბოლო 2024 წელს, წარუმატებელი აღმოჩნდა.” – წერს სტატიის ავტორი, ჟუნრალისტი სვეტოსლავ ტოდოროვი, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართლებრივი შესწორებები, რომლებიც ბულგარეთის სკოლებში LGBTQ+ პროპაგანდას და გენდერულ იდეოლოგიას კრძალავს, “ნაციონალისტურმა და პრორუსულმა ძალებმა” შემოიღეს და ის “კრემლის სტილისაა”.




