ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თბილისის მერის, კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება.
როგორც დედაქალაქის მერმა ვიზიტის დროს განაცხადა, კონფერენციაზე საუბარი ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებას შეეხება, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კი მხარეები პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ.
„მოხარული ვარ, რომ დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები ჩვენს მეგობარ უნგრეთში. მაქვს პატივი, სიტყვით გამოვიდე ბუდაპეშტის საერთაშორისო კონფერენციაზეც, სადაც საუბარი ძირითადად შეეხება ევროპული ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებს. მოგვიანებით მექნება შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბოლო წლების განმავლობაში, როგორც უნგრეთი, ისე საქართველო, ღია საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმოდგენილია ფსევდოლიბერალიზმის იდეოლოგიის სახით და უდიდეს საფრთხეს, გამოწვევას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამაზეც გვექნება საუბარი. მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის“, – განაცხადა მ.
რაც შეეხება კონფერენციას, თბილისის მერის თქმით, ქართული მხარე დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს მიმოიხილავს, მათ შორის, მთავარი სასაუბრო თემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარება იქნება.
„ვისაუბრებთ ზოგადად გამოწვევებზე, თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და გადაადგილების კომფორტულობას. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს დღის განმავლობაში. შესაბამისად, უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და კომფორტული. ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები – შეძენილი გვაქვს ახალი ვაგონები, რომლებიც 2026 წლიდან დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა. გარდა ამისა, ვისაუბრებთ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომა გვაქვს, როგორია ჩვენი დამოკიდებულება. მათი მხრიდან მოვისმენთ, თუ როგორ უპასუხეს მსგავს გამოწვევებს. ვფიქრობ, საინტერესო და კარგი მაგალითების გადმოტანა შეგვეძლება საქართველოში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძე ბუდაპეშტში, დელეგაციასთან ერთად, 1-2 დეკემბერს გაემგზავრა. მასთან ერთად, იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის წევრები და თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი.