ბუდაპეშტში დაგეგმილი ამერიკულ-რუსული შეხვედრის მთავარი მიზნები – გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ბუდაპეშტში დაგეგმილ ამერიკულ-რუსულ შეხვედრას თავისი თანმდევი გარემოებები, მიზნები და სურვილები აქვს:
1. სიმბოლური – 1994 წელს სწორედ ბუდაპეშტში მოეწერა ხელი უკრაინის მხრიდან ბირთვული იარაღის დათმობას, რამაც დღეს ასეთი აგრესიის წინაშე დააყენა. ამის შემდეგ საეჭვოა საკუთარი ნებით ვინმემ ბირთვულ იარაღი დათმოს. ამასთან, “დიდი ბიჭების” შეკრება ისევ იმ წარსული მცდელობების გამოძახილია, რასაც კრემლი დიდი ხანია გაიძახის – მათ სურთ ახალი იალტას კონფერენცია, სადაც ევროპის გადანაწილება უნდა მოხდეს გავლენის სფეროებად. ცხდია ეს არ და ვერ იქნება ახალი იალტა, მაგრამ რუსები კი ნამდვილად შეეცდებიან ამის მიღწევას ან შემდგომ შეფუთვას მაინც. 2. მასიური დარტყმა საერთაშორისო სამართალსა და ევროპაზე – ჰააგის მიერ ძებნილი ომის დამნაშავე ჩადის ევროკავშირში დაუსჯელად. უნგრეთი კი ჯერჯერობით წევრია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსი, მიუხედავად იმისა, რომ გასვლის პროცესი დაწყებული აქვს. ესაა ერთის მხრივ დამანგრეველი დარტყმა საერთაშორისო სამართალზე, ხოლო მეორეს მხრივ ესაა უკიდურესად დამამცირებელი ნაბიჯი ევროკავშირის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსული დრონები და გამანადგურებლები დაფრინავდნენ ევროკავშირის თავზე. 3. მხარდაჭერა ორბანს – ყველა კვლევითა და გამოკითხვით 2026 წლის აპრილის არჩევნებში მარცხდება. გამარჯვების შემთხვევაში შემდგომი პრემიერი ალბათ პეტერ მაგიარი იქნება. კონსერვატორი, ძლიერი ლიდერი, რომელიც ორბანის რუსოფილიისაგან დიამეტრულად განსხვავდება. მაგრამ ახლა საერთაშორისო ვიზიტებითა და -სა და პუტინის მხარდაჭერით იქმნება მცდელობა, რომ ორბანი დარჩეს ძალაუფლებაში რაც ტრამპისთვისაც სასურველია და პუტინისათვისაც. ვნახოთ იმოქმედებს თუ არა ეს ვიზიტი განწყობების შეცვლაზე და აიწევს თუ არა ორბანის შანსები მომდევნო წლის სათვის. 4. დროის მოგება – პუტინი ცდილობს აშშ-სთან მიმართებით დრო მოიგოს. ტრამპის მხრიდან განმარტებები, რომ “მომდევნო ორი კვირა” იქნება გადამწყვეტიო თებერვლიდან გვესმის. შესაბამისად ამ ვიზიტით პუტინი კიდევ ერთხელ შეეცდება დრო მოიგოს, რაც ფაქტია მას ალასკის სამიტითაც გამოუვიდა. 5. ბურთის უკრაინის მოედანზე გადაგდება – ესაა ამ სამიტის მთავარი მიზანი. პუტინი ცდილობდა და ახლაც შეეცდება თავის მშვიდობის მოსურნედ წარმოაჩინოს. იგი კვლავაც ისაუბრებს მოთხოვნებზე, რომელზეც უკრაინის მხრიდან დათანხმება კაპიტულაცია იქნება. შემდეგ კი გამოვა და იტყვის აგერ მე მშვიდობა მინდა ზელენსკის კი არაო. ეს კი შესაძლოა ტრამპის და მისი მოკავშირე ლიდერების მხრიდან ზელენსკიზე ზეწოლის საფუძველი გახდეს. სწორედ ამ მიზეზითაა ეს სამიტი საშიში: შეიძლება უკრაინის ხელისუფლებაზე დიდი ზეწოლა ვიხილოთ – ღიად თუ არა დახურულ კარს მიღმა, რისი მიზანიც ქვეყნის ხელისუფლებაში ბრძოლის გაგრძელების სურვილის დაკარგვინება და მოთხოვნებზე დათანხმება უნდა იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ უკრაინაში სჯერათ, რომ სახელმწიფოს დაცვას აქვს აზრი და დამარცხებადი ან გამოფიტვადია, მანამ გააგრძელებენ ბრძოლას. სწორედ ამ რწმენის შერყევა იქნება პუტინის მცდელობა დაარწმუნოს ტრამპი გააძლიეროს ზეწოლა უკრაინაზე.