სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის დროს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთს ინფორმაცია ტერაქტის მომზადების შესახებ წინასწარ გააჩნდა.
“სულ მცირე, 2024 წლის 15 თებერვლიდან რუსეთმა იცოდა [ტერაქტის] მომზადების შესახებ. მეტსაც გეტყვით, ეს ინფორმაცია მათ დაზვერვის სამმართველოს სირიული ჯგუფისგან მიიღეს. სწორედ იქედან მიიღეს მოსკოვში. ნუ მოყვებიან ზღაპრებს, რომ ეს ყველაფერი არსაიდან მოხდა.” – თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა დაასახელა საკუთარი ვერსიები, თუ რატომ მოხდა ტერაქტი, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, რუსეთს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
“რატომ დაუშვეს, რომ ეს მომხდარიყო – რამდენიმე ვარიანტია. პირველი, ეს, როგორც მათთან ამბობენ, კოშკების თამაშია (რედ. იგულისხმება კრემლის კოშკები, გამოთქმა ნიშნავს კრემლში ძალაუფლებისთვის ბრძოლას), რათა ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლონ. სხვა ვარიანტია – მათ რეალურად ვერ შეაფასეს იმის მასშტაბი, რაც მოხდებოდა. ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა უფრო ლოკალური და ყველაფრის უკრაინისთვის დაბრალება სურდათ.” – თქვა ბუდანოვმა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისთვის ტერორიზმი მიუღებელია, თუნდაც ის მტრის წინააღმდეგ იყოს მიმართული.
“გამოჩნდა პატრუშევისა და ბორტნიკოვის ახსნები, რომლებიც პირადად მე მაბრალებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი უკრაინამ მოაწყო. ეს სისულელეა. სხვათა შორის, ამ მტკივნეულ შეკითხვას რომ შევეხოთ, მართალია მტრები არიან, მაგრამ, პრინციპში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს არ ვამართლებ.” – თქვა ბუდანოვმა.
22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 143-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას “ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი” უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.
7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.
რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.