ბსუ კორპუსის სახურავის აღსადგენად ნახევარ მილიონამდე ლარს დახარჯავს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] მე-2 კორპუსის სახურავის აღსადგენად 445 ათას 8 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ხელშეკრულება შპს „აჭარასთან“ უკვე გაფორმებულია.
უნივერსიტეტმა კომპანიასთან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე „გადაუდებელი აუცილებლობით“ გააფორმა 2023 წლის 29 დეკემბერს და შეთანხმებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. სააგენტო საკითხს 5 იანვარს განიხილავს.
“შესყიდული იქნა დაზიანებული სახურავის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 525 519.57 ლარი. ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ჩატარდა ბაზრის მოკვლევა და შეტყობინებები ელ. ფოსტის საშუალებით დაეგზავნა 26 პრეტენდენტს, საიდანაც წინადადებები მოგვაწოდა სამმა პრეტენდენტმა: შპს “მშენებელთა ჯგუფიმ”-მ – ღირებულებით 511604,98 ლარი, მოწოდების ვადა – 50 დღე; შპს “აჭარა”-მ – ღირებულებით 445008,81 ლარი, მოწოდების ვადა 60 დღე; შპს “LTD YOUR BUILDING COMPANY”-იმ – ღირებულებით 299376,37 ლარი, მოწოდების ვადა 25 დღე. დაბალ ფასიან პრეტენდენტს – შპს “LTD YOUR BUILDING COMPANY”-ის წერილობით ეცნობა ხელშეკრულების გაფორმებისა და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების თაობაზე, რაზეც კომპანიამ განაცხადა წერილობითი უარი. გამომდინარე აღნიშნულიდან განხილული იქნა ბაზრის კვლევაში მონაწილე მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტის შემოთავაზება, რომელმაც გამოთქვა სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მზადყოფნა, რის საფუძველზეც გაფორმდა ხელშეკრულება” – აღნიშნულია ბსუ-ს განაცხადში, რომელსაც გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.
სახურავის აღდგენა, ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წლის 28 თებერვლამდე უნდა დასრულდეს. ბსუ-ს მეორე კორპუსს სახურავი ქარმა 2023 წლის 24 დეკემბერს გადახადა.