აღდგომის პირველი კვირის პარასკევს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის განახლების დღესასწაული აღინიშნება. მას ცხოველსმყოფელი წყარო ეწოდება და ლეონ I-ის მიერ V ს-შია დაარსებული. აქ ღვთისმშობლის სახელზე გაშენებული იყო ჭადრების ხეივანი და საუცხოო წყარო ამოდიოდა. ცხოველსმყოფელი წყარო ამ წყაროსთან მრავალგვარი სნეულებით შეპყრობილი ადამიანები განიკურნებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ადგილი გაუდაბურდა.
ერთხელ აქ მხედარმა ლეონ მარკელაოსმა წყლის პოვნა მოინდომა დამაშვრალი ბრმა მწირისთვის, რომელიც ამ მიდამოებში შეხვდა გზად. მას ძებნისას სასწაულებრივად ესმა ხმა, რომელმაც მიასწავლა წყაროს ადგილმდებარეობა. მითითების მიხედვით, ლეონმა წყალი ბრმას თვალებზე სცხო, მოხუცს მხედველობა დაუბრუნდა. ეს ამბავი 450 წლის 4 აპრილს მოხდა. სწორედ იმ დროს დაიწერა ეს ხატიც.
როდესაც ლეონი იმპერატორი გახდა, ეს ადგილი აღადგინა და მას „ცხოველსმყოფელი წყარო“ უწოდა. ბალაკლია, ანუ ცხოველსმყოფელი წყარო კონსტანტინოპოლიდან დასავლეთით ათი ვერსის დაშორებით მდებარეობს. ბერძნულ ტაძრებს შორის ის ბრწყინვალებითა და სილამაზით გამოირჩევა. XV ს-ში ნიკიფორე კალისტისმა ცხოველსმყოფელი წყაროს ეკლესიის განახლების დღესასწაულისთვის საღვთისმსახურო წესი შეადგინა.
”ცხოველსმყოფელი წყაროს” ხატის ერთ-ერთი ასლი საროვოს უდაბნოში განდიდდა. მის წინაშე ლოცულობდა წმ. სერაფიმე საროველი.
ხატს ევედრებიან ხორციელ სნეულებათაგან ტანჯულნი, ასევე, ვნებებითა და სულიერი უძლურებით შეპყრობილნი.
ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის
“ცხოველსმყოფელი წყაროს” მიმართ
ტროპარი, ხმა 4
აღვივსენით კაცნი კურნებითა სულისა და ხორცთასა ლოცუითა, რომელი მსგავსად მდინარისა აღმოგვიცენებს ჩუენ წყაროსა საკვირველსა, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, ბილწებანი გულთანი განჰბანე, ცოდუათა ბრკეჲ განსწმიდე და განანათლე სულნი მართალნი მადლითა საღმრთოჲთა.
ლოცვა 1
დედუფალო ჩემო, ყოვლადსახიერო, სასოო ჩემო ღუთისმშობელო, ობოლთა ნავთსაყუდელო და მწირთა შუამდგომელო, მწუხარეთა სიხარულო და ჩაგრულთა მფარველო, მოიხილე განსაცდელსა ჩემსა ზედა და მომხედე შეჭირვებასა შინა მყოფსა ამას. მცხე მე ზეთი, ვითარცა უძლურსა, გამომზარდე მე, ვითარცა ყარიბი – აღხოცენ და დახსნენ ყოველნი მწუხარებანი ჩემნი, მხმობელისა ამის შენდა მომართ: არა არს ჩემდა მეოხ, არცა ნუგეშინისმცემელ, სახიერო, მხოლოო შენ, ღუთისმშობელო, რომელმან საუკუნოდ დამიცევ და დამიმარხე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა 2
ყოვლადწმიდაო ქალწულო, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო, ცხოველისმყოფელი წყარო შენი, აღმომაცენებელი კურნებისა ნიჭთა აღდგინებისთვის სულთა და ხორცთა ჩუენთა და სოფლისა ცხოვნებისა აღმომაცენებელი მოგუემადლა ჩუენ. ამისთვის მადლირებითა და გულისმოდგინებითა გევედრებით შენ, დედუფალო ყოვლადწმიდაო, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, მოგუანიჭოს დახსნა შეცოდებათა ჩუენთაგან და ყოველსა სულსა მწუხარესა და განბოროტებულსა წყალობაჲ და ნუგეშინისცემაჲ მოჰმადლოს და განთავისუფლებაჲ ჭირთა და მწუხარებათა და სნეულებათაგან ყოველთა. მოგუმადლე ჩუენ, დედუფალო, ტაძარსა ამას და ერსა ამას შენსა საფარველი შენი, ქალაქი ესე დაიცევ, ერი ჩუენი ზედამოსვლათაგან. იხსენ და დაიფარე, რაჲთა მშვიდობითი ცხორებაჲ განვლოთ აქ და მომავალსა მას საუკუნესა ღირს ვიქმნეთ ხილვასა შენსა – მეოხისა ჩუენისა დიდებასა შინა მეუფებისასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შვენის დიდება და ძლიერება თანა მამითა და ყოვლადწმიდით სულითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
