ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოთხშაბათს, 7 მაისს, გამთენიისას ინდოეთმა პაკისტანზე იერიში მიიტანა, რასაც ისლამაბადმა საპასუხო დარტყმით უპასუხა. ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ შეტაკებაში უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.
მეზობელ და, ამავე დროს, მეტოქე ქვეყნებს კონფლიქტური ურთიერთობები1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქვთ. განვლილი თითქმის 70 წელი რამდენიმე ომით და მწვავე დაძაბულობის პერიოდებით არის გამორჩეული.
ორ ქვეყანას შორის ახალი კრიზისი მიმდინარე წლის 22 აპრილს დაიწყო, როდესაც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, თავდასხმის შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურმა ნიუ დელიმ ისლამაბადს დააკისრა, რომელმაც ტერაქტში თავისი მონაწილეობა მაშინვე უარყო. მოგვიანებით, მხარეებმა ერთმანეთს სანქციების სერია დაუწესეს, მათმა ჯარისკაცებმა კი საზღვარზე მსუბუქი იარაღიდან, ერთმანეთის მიმართულებით, ცეცხლი გახსნეს.
ნიუ დელის ცნობით, ოთხშაბათს გამთენიისას, ინდოეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად, ქაშმირსა და პაკისტანის პენჯაბში „ცხრა ტერორისტული ბანაკი“ განადგურდა. თავის მხრივ, პაკისტანმა განაცხადა, რომ „მტრის 5 თვითმფრინავი“ ჩამოაგდო, სადავო საზღვრის გასწვრივ კი „მომაკვდინებელი“ საარტილერიო სროლები განახორციელა. ქვემოთ გთავაზობთ ბოლო 70 წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობებში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს:
1947 წელი: სისხლიანი დაყოფა
1947 წლის 14-დან 15 აგვისტოს ღამეს, ინდოეთის უკანასკნელმა მეფისნაცვალმა, ლორდმა ლუის მაუნტბეტენმა ინდოეთის ნახევარკუნძულზე ბრიტანეთის ორსაუკუნიანი ბატონობის დასრულება გამოაცხადა.
ყოფილი კოლონია ორ სახელმწიფოდ – დიდწილად ინდუისტურ ინდოეთად და უმეტესად მუსლიმურ პაკისტანად დაიყო. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, რამდენიმე ათასი კილომეტრით ერთმანეთისგან დაშორებული ორი ტერიტორიისგან შედგებოდა.
ასეთმა დაყოფამ დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი თავისი საცხოვრებელი არეალიდან აყარა და გზას გაუყენა: მუსლიმები პაკისტანის ტერიტორიისკენ გაემართნენ, ინდუსები და სიქჰები კი – საპირისპირო მიმართულებით. ეს დღემდე იწვევს არეულობებსა და ხოცვა-ჟლეტას, რომელსაც უკვე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1947 წლის შემოდგომაზე დაიწყო ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომი ქაშმირის კონტროლისთვის, რომელიც ინდოეთის ნაწილად გამოცხადდა.
1948 წელს გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებს ქაშმირის თვითგამორკვევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც, ნიუ დელის უარის გამო, ვერ მოხერხდა.
1949 წლის 1 იანვარს, 770-კილომეტრიანი „კონტროლის ხაზის“ გასწვრივ, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, რომელმაც ქაშმირი ორ ნაწილად გაყო: ტერიტორიის 37% პაკისტანს ერგო („აზად-ქაშმირი“), ხოლო 63% – ინდოეთს (ჯამუ და ქაშმირის შტატი).
ამ შეთანხმების მიუხედავად, ორივე სახელმწიფო კვლავ მთელი ტერიტორიის სუვერენიტეტზე აცხადებს პრეტენზიას.
1965 და 1971 წლები: ახალი ომები
პაკისტანის მიერ მხარდაჭერილი ათასობით სეპარატისტის მიერ ინდოეთის ქაშმირში შეჭრის შედეგად, 1965 წლის აგვისტო-სექტემბერში კონფლიქტი განახლდა.
ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომი, რომელმაც ორივე მხრიდან ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საბჭოთა კავშირის შუამავლობით დასრულდა.
1971 წლის დასაწყისში, თავისი ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში (აღმოსავლეთ ბენგალია), პაკისტანმა, სეპარატისტული მოძრაობის ჩასახშობად, ჯარები გაგზავნა.
ინდოეთის არმიის ინტერვენციისა და დაახლოებით სამი მილიონი ადამიანის დაღუპვის შემდეგ, 1971 წლის ბოლოს, კონფლიქტი ბანგლადეშის დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა.
1989 წელი: სეპარატისტული აჯანყება
1989 წლის ბოლოს, ამბოხებულები, რომლებიც ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ქაშმირის დამოუკიდებლობას ან პაკისტანთან მის შეერთებას ითხოვდნენ, ნიუ დელის არმიის წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას.
აჯანყებულების სამიზნე – ინდუისტური მოსახლეობა – ინდოეთის სხვა რეგიონებში გაიქცა.
მას შემდეგ ინდოეთი რეგულარულად ადანაშაულებს პაკისტანს ამბოხებულების დაფინანსებასა და წვრთნაში, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას რეგიონში განლაგებულ დაახლოებით 500 ათას ინდოელ ჯარისკაცთან.
ამ დაპირისპირებამ დღემდე ათობით ათასი ადამიანის – სამხედროების, ამბოხებულების და მშვიდობიანი მოქალაქეების – სიცოცხლე შეიწირა.
1998-99 წლები: კარგილის კონფლიქტი
1999 წელს, ნიუ დელიმ ისლამაბადი, ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ქაშმირის ნაწილში ისლამისტი მებრძოლებისა და პაკისტანელი ჯარისკაცების შეყვანაში დაადანაშაულა, რათა ზღვის დონიდან 5000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარე სიაჩენის მყინვარი კონტროლის ქვეშ მოექციათ.
სასტიკი ბრძოლების შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლი განსაკუთრებით დიდი იყო კარგილის რეგიონში.
2001 წლის 1 ოქტომბერს, შრინაგარში, ინდოეთის ქაშმირის რეგიონული ასამბლეის შენობის წინ მომხდარმა თავდასხმამ 38 ადამიანი იმსხვერპლა, რაშიც ინდოეთმა პაკისტანი დაადანაშაულა. მეოთხე მსხვიმასშტაბიანი კონფლიქტის ზღვარზე მყოფმა ორმა ქვეყანამ, 2003 წლის აპრილში დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმა, თუმცა, პარტიზანული ომი ამით არ დასრულებულა.
თავდასხმები და დაძაბულობა
2008 წელს ჯიჰადისტების თავდასხმების სერიამ მუმბაიში 166 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რაშიც ინდოეთმა პაკისტანი დაადანაშაულა და ოთხი წლით ადრე დაწყებულ სამშვიდობო პროცესი გაწყვიტა.
დიალოგი 2011 წელს განახლდა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი 2015 წლის დეკემბერში პაკისტანს ეწვია.
პულვამაში (ინდოეთის ქაშმირი) 40 ინდოელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემდეგ, 2019 წელს ინდოეთმა საჰაერო თავდასხმები განახორციელა პაკისტანის ტერიტორიაზე. პაკისტანმა საპასუხო ცეცხლი გახსნა და ინდოეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო.
წყარო: 1 არხი
