იზაბელა ხაირ ჰადიდი 1996 წლის 9 ოქტომბერს, ვაშინგტონში, ყოფილი მოდელისა და რეალითი ტელევარსკვლავის იოლანდა ჰადიდისა და უძრავი ქონების დეველოპერი მოჰამედ ჰადიდის ოჯახში დაიბადა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში ბელა ცხენოსნობით იყო გატაცებული და 2016 წლის აშშ-ს ოლიმპიადის გუნდში გაწევრიანებაც სურდა. 2013 წელს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და ამ ოცნებაზე უარის თქმა მოუწია.
დაბალი თვითშეფასების მქონე ბელამ 15 წლის ასაკში პლასტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის სამყარო აღმოაჩინა. მართალია, ღიად არასდროს უსაუბრია ქირურგიულ ჩარევებზე, მაგრამ ნებისმიერი სპეციალისტი დაგიდასტურებთ, რომ მისი გარეგნობა მთლიანად გენეტიკის დამსახურება ნამდვილად არ არის.
მოჰამედ ანვარ ჰადიდი 1948 წელს ისრაელში დაიბადა, თუმცა ბავშვობაში, 8 და-ძმასთან ერთად ომის დროს სამშობლო დატოვა. ჰადიდები ჯერ ტუნისსა და საბერძნეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი აშშ-ში დასახლდნენ.
ჰადიდმა ძვირადღირებული უძრავი ქონების შექმნა შეძლო, ფლობდა ღამის კლუბებს და სხვა მნიშვნელოვან წილებს. 1992 წელს მან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებშიც კი მიიღო მონაწილეობა და სათხილამურო შეჯიბრებაში ჩაერთო.
2013 წელს უფროსმა დამ, ჯიჯიმ, სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი, მომდევნო წელს კი მას ბელაც შეუერთდა. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ბრენდ Desigual-ის ჩვენებაში, ცოტა ხნის შემდეგ კი ფრანგული ჟურნალის, Jalouse-ის გარეკანზე გამოჩნდა. სწორედ მაშინ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ გოგონას წარმატება არა შრომის, არამედ გავლენიანი მამის დამსახურება იყო.
სწრაფად მიღწეულმა უზადო წარმატებამ ბელას საშუალება მისცა სწრაფად მოეგო მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების გულები. ჰადიდი Tom Ford, Missoni, Moschino, Burberry Prorsum, Marc Jacobs-ის ჩვენებებზე გამოჩნდა, სარეკლამო კონტრაქტები გააფორმა Balmain-თან და Ralph Lauren-თან. საბოლოოდ კი მისი კონტრაქტების სიას Dior-ის სახლი შეემატა.
ბოლო დროს ბელა ჰადიდის ირგვლივ კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა, რომელიც მის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. სინამდვილეში, 26 წლის მოდელი ლაიმის დაავადებით იტანჯება. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც ბევრ ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი ბორელიის ბაქტერიაა, რომელსაც, ძირითადად, ტკიპები ატარებენ.
ტკიპებით გამოწვეული ბორელიოზის პირველი სიმპტომები ბელა ჰადიდს 2012 წელს გაუჩნდა, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ 2015 წელს დაუსვეს. მას შემდეგ, როგორც თავად აღიარა, ყოველდღიურად აწუხებს თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, უძილობა, არარეგულარული გულისცემა, გულისრევა, სუნთქვის გაძნელება, სახსრების ტკივილი და მრავალი სხვა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტში ბელა პალესტინის აქტიური მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში პოსტებსაც ხშირად აქვეყნებს:
“მამაჩემი ნაზარეთში 1948 წელს, ნაკბას წელს (750 000 პალესტინელის გადასახლების პერიოდი) დაიბადა. როცა ის 9 დღის იყო, დედამისი და ოჯახის სხვა წევრები პალესტინაში თავიანთი სახლებიდან გაყარეს და მას შემდეგ დევნილებად იქცნენ. ბებიასა და ბაბუასთვის კი უკან დაბრუნების უფლება აღარ მიუციათ. ჩემმა ოჯახმა თავის თავზე იწვნია პალესტინელი ხალხის 75-წლიანი შევიწროება, რაც საბოლოოდ არაერთი თემის განადგურების მიზეზი გახდა. ასევე სასტიკი მკვლელობები და ოჯახების იძულებით გაყვანა სახლებიდან. პალესტინის მიწაზე დასახლების პრაქტიკა დღესაც გრძელდება. ამასთან დაკავშირებული ტკივილი კი წარმოუდგენელია” – წერდა მოდელი.
