ბრიუსელში ფერმერების აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ბრიუსელში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა ფერმერების საპროტესტო აქცია. ისინი ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების აგრარულ პოლიტიკას აპროტესტებენ და მოითხოვენ პროდუქციაზე სამართლიან ფასებს და შემსუბუქებას ეკოლოგიური მოთხოვნების, რომლებიც, მათი შეფასებით, სოფლის მეურნეობაზე ძლიერ ზეწოლას ახდენენ.
ფერმერებმა ბრიუსელში საპროტესტო აქცია დაამთხვიეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრას, რომელიც 26 თებერვალს გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა 900-მდე ტრაქტორით სცადეს ჩაკეტვა ბრიუსელის იმ რაიონის, სადაც ევროკავშირის დაწესებულებებია განთავსებული. პოლიციამ ამ რაიონში მოძრაობა გადაკეტა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ზოგიერთ ადგილზე შეძლეს ტრაქტორებით ბარიერების გარღვევა.
დემონსტრანტებმა საბურავები დაწვეს და პოლიციელებს ბოთლები, კვერცხები, ჯოხები და პიროტექნიკა დაუშინეს. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ბელგიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დევიდ კლარინვალმა განაცხადა, რომ ფერმერების პროტესტით გამოწვეული სიტუაცია მოსაგვარებელია და ამას ყველა წევრი სახელმწიფო ეთანხმება, თუმცა აქციის მონაწილეთა ქმედებები და ძალადობა დაუშვებელია.
ევროკომისარმა აგრარულ საკითხებში იანუშ ვოიცეხოვსკიმ თქვა, რომ კონცენტრირებული არიან ფერმერებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.
ბოლო თვეებში, ევროკავშირის აგრარული პოლიტიკით უკმაყოფილო ფერმერების აქცია გაიმართა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. 26 თებერვალს მასშტაბური საპროტესტო აქცია მადრიდში გამართეს ესპანელმა ფერმერებმაც.