ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა დღევანდელ სამიტზე, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას შეეხება, ყველა ევროპელმა ლიდერმა, გარდა უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანისა, ხმა მისცა „უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერას“.
ერთი თვის განმავლობაში ორბანი უკვე მეორედ ხდება ერთობის ერთადერთი წევრი, რომელიც ემიჯნება შეთანხმებას უკრაინის მხარდაჭერაზე.
ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს შუადღით გასაჯაროვდა, ევროკავშირი ამბობს, რომ 27 წევრი ქვეყნიდან 26 ასევ შეთანხმდა, რომ „შეინარჩუნებს მიდგომას, რომ მშვიდობა ძლიერებით მიიღწევა“, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი იზრუნებს უკრაინის სამხედრო და თავდაცვით უნარიანობის ხელშეწყობაზე.
ევროკავშირი ასევე აპირებს ზეწოლის გაზრდას რუსეთზე და რეგულარული ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევას უკრაინისთვის.
მანამდე ვიდეო-ჩართვის საშუალებით, სამიტს მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და აღნიშნა, რომ „უბრალოდ ანტი-ევროპულია, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია მთელი კონტინენტისთვის ან რომელიც უკვე შეთანხმებულია“.
უკრაინის პრეზიდენტს პირდაპირ არ დაუსახელებია ვიქტორ ორბანი, თუმცა მან აღნიშნა, რომ არაა სწორი, როდესაც „მუდმივად ვიღაც აბრკოლებს ევროპელთა ძალისხმევას მეტი უსაფრთხოებისა და მშვიდობის მისაღწევად“.
ზელენსკის თქმით, მსოფლიომ არ უნდა მოადუნოს ზეწოლა პუტინზე, არამედ პირიქით, რამდენადაც, პუტინი „ერთ მომენტში დებს სიტყვას, რამდენიმე საათში კი ეს სიტყვები მისთვის არაფერს ნიშნავს“.
წაიკითხეთ ასევე:
ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინელ ხალხს — ზელენსკი
