ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და არა მუქარებს, მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ინტერესები, – ამის შესახებ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა სოციალურ ქსელ „იქსში“ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ჯეიმისონ გრირთან და ვაჭრობის მდივანთან, ჰოვარდ ლუტნიკთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა.
„ვესაუბრე ჯეიმისონ გრირსა და ჰოვარდ ლუტნიკს. ევროკავშირი სრულად ჩართულია და უჭერს მხარს ურთიერთსასარგებლო შეთანხმების უზრუნველყოფას. ევროკომისია კვლავ მზად არის, იმუშაოს კეთილსინდისიერად. აშშ-ევროკავშირის ვაჭრობას არ აქვს ტოლი და ის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და არა მუქარებს. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ინტერესები“, – დაწერა მაროშ შეფჩოვიჩმა.
მხარეებს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან ევროკავშირს 50%-იან ტარიფს დაუწესებს.
1 არხი
