საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.
„იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ევროკავშირის მხარემ ყველა დონეზე შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრას განიხილავდა, როგორც ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხშირად ესმის ბრიუსელის კრიტიკა“, — აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ქართული მხარე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გაწია იმისთვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირის მხარისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი ყოფილიყო და სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით შედგა საქართველოს დელეგაციაც შესაბამისი უწყებების მონაწილეობით. უწყების განცხადებიდან ნათელი არაა, შეჰყავდათ თუ არა დელეგაციის შემადგენლობაში სანქცირებული პირები.
„სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით. აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.
თბილისი აცხადებს, რომ კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა.
„შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას“, — ნათქვამია განცხადებაში.
გამოცემა „რეალპოლიტიკამ” 18 ნოემბერს, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. გამოცემის წყაროს თანახმად, გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა „ოცნების” ხელისუფლების მიერ დელეგაციის შემადგენლობაში სანქცირებული პირების ჩასმის მცდელობა.
ევროკავშირის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ შეხვედრა გადადებულია „ქართული მხარის ხელის შემშლელი გარემოებების გამო”.
„ამ ეტაპზე დიალოგი გადაიდო ქართული მხარის ხელის შემშლელი გარემოებების გამო. ჩვენ მზად ვართ, ჩავატაროთ შეხვედრა ამ კუთხით, რათა წარმოვაჩინოთ ევროკავშირის პოზიცია ადამიანის უფლებებზე”, – მისწერა „ნეტგაზეთს“ ანიტა ჰიპერმა.




