„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და აქციონერის, ნათია ჯანაშიას სამართლებრივმა წარმომადგენელმა, იმედა დვალიძემ, აკადემიის დამფუძნებლისა და ინვესტორ კომპანიას – „საქართველოს განათლების ჯგუფს“ შორის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და პარტნიორებს შორის კონფლიქტის მიზეზებზე ისაუბრა.
როგორც იმედა დვალიძე აცხადებს, ბოლო პერიოდში აკადემიის გარშემო მიმდინარე პროცესები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ „საქართველოს განათლების ჯგუფი“ მოსწავლეთა ინტერესებს საკუთარი კომერციული მიზნების გამო უგულებელყოფს. მისი თქმით, პარტნიორთა კრება, რომელიც 12 თებერვალს ჩატარდა, ხარვეზებით წარიმართა, რომლის მიხედვითაც, დირექტორი ნათია ჯანაშია თანამდებობიდან გადააყენეს და მის ადგილას იოჰან ვან ლილი დანიშნეს.
მისი თქმით, ხარვეზებით ჩატარებული კრების ოქმი, რომელშიც დირექტორის ცვლილებაზეა საუბარი, საჯარო რეესტრმა შეაჩერა, თუმცა 22 თებერვალს „საქართველოს განათლების ჯგუფი“ სამართალდამცავთა დახმარებით სკოლის ტერიტორიაზე შეიჭრა და დაცვლის სამსახურს, 21 თებერვლის საჯარო რეესტრის ოქმს აჩვენებდნენ, რომლის მიხედვითაც, ნათია ჯანაშია სკოლის დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. როგორც იმედა დვალიძე აცხადებს, დაცვის სამსახურის წევრები შსს-ს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ დაკითხვაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ახალმა დირექციამ, სამსახურიდან გაათავისუფლა და მათ ადგილას თავიანთი კადრები მიიყვანა.
იმედა დვალიძის შეფასებით, ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესები სინქრონიზებულ მოქმედებებს ჰგავს, რომლის საბოლოო მიზანი, კომერციული მიზნებისთვის, სახელმწიფო ბერკეტების დახმარებით აკადემიაზე სრული კონტროლის მოპოვებაა.
მან აღნიშნა ისიც, რომ ირაკლი გილაურის წარმომადგენელმა გიორგი კეთილაძემ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოიპოვა ნათია ჯანაშიას დირექტორობიდან გადაყენების უფლება, რის გამოც, „დიდი ალბათობით, ის პასუხისგებაში მიეცემა“.
„სამწუხაროდ, მოვლენების განვითარებამ გაგვიჩინა ეჭვი და საფუძველი, რომ “საქართველოს განათლების ჯგუფი” და მის უკან მდგომი ირაკლი გილაური არასამართლებრივი გზით ცდილობს საგანმანათლებლო დაწესებულების მიტაცებას. მათ შედარებით ნაკლებად აინტერესებთ სასწავლო პროცესი, სკოლის რეპუტაცია და მათთვის პრიორიტეტი – ბიზნეს ინტერესებია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში საჯარო რეესტრი უარს ამბობდა ახალი დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით, რადგან პარტნიორთა კრება ხარვეზებით ჩატარდა. თუმცა რამდენიმე დღეში მოხერხდა, რომ საჯარო რეესტრმა დირექტორი დაარეგისტრირა ვითარებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეცვლის გარეშე. „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ძალმომრეობა განახორციელა უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზეც, როდესაც დაცვის სამსახური მათ ტერიტორიაზე არ უშვებდა. მათ თან საპატრულო პოლიციაც ახლდა. ეს იმდენად სინქრონულად მოხდა, რომ ეჭვი გვაქვს, ძალმომრეობითა და სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით „განათლების ჯგუფი“ სკოლასთან დაკავშირებით არაკეთილსინდისიერის მიზნების მიღწევას ცდილობს. მათი საბოლოო მიზანია, დამფუძნებელი პარტნიორების განდევნა და სკოლაზე მთლიანი კონტროლის დამყარება.
როდესაც სკოლის ტერიტორიაზე ძალმომრეობითი შეჭრა მიმდინარეობდა, ბავშვებისთვის არასახარბიელო ვითარება იყო, რამაც ბავშვებს დამძაბველი სურათი შეუქმნა, რაც დამამძიმებელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ქმნიდა. სამართლებრივი დავა გრძელდება და ვფიქრობ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერება რამდენიმე დღით მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ სკოლის მოსწავლეებს დისკომფორტი არ შეექმნათ“,- განაცხადა იმედა დვალიძემ.
ინფორმაციისთვის, აკადემიის აქციონერს ნათია ჯანაშიასა და „საქართველოს განათლების ჯგუფის“ პარტნიორობა 2019 წელს დაიწყო, რომლის მიხედვითაც ინვესტორი სკოლის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ვალდებულებას იღებდა, თუმცა ინვესტორი, რომლის წილიც 70%-ს შეადგენს დღემდე უარს აცხადებს, ამ ვალდებულებების შეჩერებაზე. ნათია ჯანაშია მიიჩნევს, რომ ინვესტორის მიზანი აკადემიაზე სრული დაუფლებაა, რის ეჭვსაც ჩატარებული პარტნიორთა კრება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც უმყარებს, რომლის მიხედვითაც ის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს.
