ჩვენ, დავით ცეცხლაძემ და ნათია ჯანაშიამ, როგორც „ბრიტანულ-ქართული აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებლებმა, 2025 წლის თებერვლიდან არაერთხელ მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება ირაკლი გილაურისა და მისი გუნდის წევრების მიერ ჩადენილ ქმედებებთან მიმართებით.
კიდევ ერთხელ გთხოვთ დროულ რეაგირებას და შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემას. დღეს, როგორც არასდროს, კრიტიკულად დგას საკითხი სკოლისა და თითოეული მოსწავლის ინტერესების გადასარჩენად. მოგეხსენებათ, სექტემბრიდან ახალი სასწავლო წელი იწყება და არსებითად მნიშვნელოვანია იმ შეუქცევადი პროცესის შეჩერება, როგორიცაა სკოლებისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენება და საბოლოო განადგურება, რასაც ასე ძალიან ცდილობს გილაური და მისი გუნდი. ჩვენთვის პრიორიტეტია ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, ასევე იმ განსაკუთრებული გარემოსა და ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენი სკოლები, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავდა „ბრიტანულ-ქართული აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ გამორჩეულ როლს სასკოლო საზოგადოებაში. დღეს კი შესაძლო დანაშაულის ჩამდენი ირაკლი გილაურისა და მისი გუნდის უკანონო გადაწყვეტილებების გამო, საფრთხის ქვეშაა ხარისხიანი განათლების, ჯანსაღი სასწავლო/სამუშაო გარემოსა და სკოლების განვითარების უზრუნველყოფა.
გილაური და მისი გუნდი დაკავშირებულია ისეთი უკანონო ქმედებების განხორციელებასთან, როგორიცაა:
· ყალბი პარტნიორთა კრების ოქმის დამზადება-გამოყენება
· ინსაიდერული ინფორმაციის გამჟღავნება
· პოლიციის ძალადობრივი მობილიზება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
· სკოლის ბიუჯეტიდან დიდი ოდენობითთანხის მითვისება,
· სკოლის წილის თაღლითური გზით დამფუძნებლებისთვის წართმევა
· სკოლის უკანონო ოკუპაცია
ამასთან, ყოველგვარი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერებისგან დაცლილი ეს გუნდი, იღებს ისეთ მავნებლურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იწვევს ბავშვებისა და კვალიფიციური პედაგოგების გადინებას სკოლიდან, რაც პირდაპირ და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სკოლებს.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაითავისოთ საკითხის აქტუალობა, ის, რომ სასწორზე დევს არასრულწლოვანთა ხარისხიანი და უსაფრთხო განათლების უზრუნველყოფის საკითხი. შესაბამისად, რაც უფრო დაყოვნდება თქვენი რეაგირება, მით უფრო შეუქცევადი გახდება ჩვენი სკოლების განადგურების პროცესი, რაც პირდაპირ და უარყოფითად აისახება ჩვენი მოსწავლეების არსებით ინტერესებსა და ხარისხიანი და უსაფრთხო განათლების მიღების უფლებაზე.
(R)




