ბრიტანელმა მოსამართლემ 12 თვე მიუსაჯა თავშესაფრის მაძიებელს, რომლის საქმემაც მიგრანტების საწინააღმდეგო პროტესტი გამოიწვია

ბრიტანელმა მოსამართლემ 12 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თავშესაფრის მაძიებელს, რომელსაც ქალისა და 14 წლის გოგონას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა ედებოდა ბრალად. ამ საქმემ მიგრანტების წინააღმდეგ პროტესტის ტალღა გამოიწვია მთელს გაერთიანებულ სამეფოში.
ეთიოპიის მოქალაქე ჰადუშ კებატუ დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობაში, გოგონას სექსუალური აქტივობისკენ წაქეზებასა და შევიწროებაში.
კებატუს დაპატიმრების შემდეგ ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია ჩაატარა ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ეპინგის სასტუმროში, სადაც ის სხვა ახლადჩამოსულ მიგრანტებთან ერთად იმყოფებოდა. არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა სხვა ქალაქებში მდებარე სასტუმროების წინაც, სადაც მიგრანტები არიან განთავსებულნი. ზოგიერთ დემონსტრაციაში ულტრამემარჯვენე აქტივისტებიც მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, თავშესაფრის სტატუსის მომლოდინე მიგრანტები სასტუმროებში განათავსოს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს გადასახადის გადამხდელებს მილიონობით ფუნტი სტერლინგი უჯდებათ, ხოლო სასტუმროები თემებში ცეცხლოვან წერტილებად იქცევა და მიგრანტებს ადგილობრივი მაცხოვრებლების სამიზნედ აქცევს.
პროკურორების თქმით, 41 წლის კებატუ ინგლისში ნავით ჩავიდა დაახლოებით ერთი კვირით შემდეგ 14 წლის გოგონას მიუახლოვდა, მისი კოცნა სცადა და ბარძაყზე ხელი დაადო. პროცესზე კებატუმ განაცხადა, რომ პატიმრობის შემდეგ დეპორტაცია სურდა.
მოსამართლის, კრისტოფერ უილიამსის თქმით, კებატუს „ვერ წარმოედგინა“, რომ მისი ქმედებები მასობრივ პროტესტს გამოიწვევდა.