ბრიტანელი მსახიობი ტომ უილკინსონი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

30 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ტომ უილკინსონი საკუთარ სახლში 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა.
კარიერის მანძილზე, უილკინსონმა 130-მდე ფილმსა და სატელევიზიო გადაცემაში მრავალი დასამახსოვრებელი როლი ითამაშა, მათ შორის ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: კრისტოფერ ნოლანის “ბეტმენი: დასაწყისი”, უეს ანდერსონის “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი”, პიტერ ვებერის “გოგონა მარგალიტის საყურით”, “ვალკირია”, “პატრიოტი”, “პიკის საათი”, “ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება” და სხვა.
ტომ უილკინსონს მიღებული აქვს BAFTA-ს ჯილდო. ამასთანავე, იგი ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული – 2001 წლის ფილმ “საძინებელში” მთავარი როლის, ხოლო 2007 წლის “მაიკლ კლეიტონში” მეორეხარისხოვანი როლისთვის.
2008 წელს გამოსულ მინისერიალ “ჯონ ადამსში” ბენჯამინ ფრანკლინის როლისთვის მან ემის და ოქროს გლობუსის ჯილდო მიიღო, და მინისერიალ “კენედების ოჯახში” ჯონ კენედის მამის როლისთვის ემის ნომინაცია მოიპოვა.