ბრიტანელი ექიმები ენერგეტიკული სასმელების შეზღუდვას მოითხოვენ

ბრიტანელი ექიმები ენერგეტიკული სასმელების შეზღუდვას მოითხოვენ. ამ თემაზე მასალა ევრონიუსმა მოამზადა, რომელსაც მოჰყავს შემთხვევა, როცა ინგლისში მცხოვრებ, მანამდე ფიზიკურად ჯანმრთელ მამაკაცს ყოველდღიურად რვა ენერგეტიკული სასმლის მიღების შემდეგ გულის შეტევა განუვითარდა. ამ ფაქტის შემდეგ ექიმებმა გაააქტიურეს საუბრები იმის შესახებ, რომ ამ პოპულარულმა სასმელებმა შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკები გაზარდოს.
როგორც ცნობილი ხდება, 50 წელს გადაცილებული მამაკაცი არც ეწეოდა, არც ალკოჰოლს სვამდა და არც ნარკოტიკებს იყენებდა.
ის საავადმყოფოში მარცხენა მხარეს უეცარი დაბუჟების, ასევე წონასწორობის, სიარულის, ყლაპვისა და ლაპარაკის პრობლემების გამო მოათავსეს. ეს კი ინსულტის კლასიკური სიმპტომებია.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ზოგადად ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მისი არტერიული წნევა მკვეთრად იყო მომატებული. ექიმებმა მას არტერიული წნევის დასაწევად მედიკამენტები დაუნიშნეს, მაგრამ სახლში დაბრუნების შემდეგ, მაჩვენებლებმა კვლავ აიწია და მაღალი დარჩა დოზის გაზრდის მიუხედავად.პაციენტმა განაცხადა, რომ დღეში საშუალოდ რვა ქილ ენერგეტიკულ სასმელს მოიხმარდა. თითოეული ქილა შეიცავდა დაახლოებით 160 მილიგრამ კოფეინს, რაც დასაშვებ დონეზე სამჯერ მეტი იყო.
როდესაც ექიმებმა პაციენტს ენერგეტიკული სასმელების მიღების შეწყვეტა სთხოვეს, მისი არტერიული წნევა ნორმას დაუბრუნდა და მას მედიკამენტები აღარ სჭირდებოდა; თუმცა, პაციენტს მარცხენა მხარეს შეგრძნება სრულად აღარ დაბრუნებულა.
პაციენტმა თქვა, რომ მან არ იცოდა, რა ზიანს აყენებდა ენერგეტიკული სასმელები და მათ წლების განმავლობაში მოიხმარდა.ნოთინგემის უნივერსიტეტის საავადმყოფოების წარმომადგენლები, მართა კოილი და სუნილ მუნში, ენერგეტიკული სასმელების უფრო მკაცრ შეზღუდვებს და მათი მიზეზით გულ-სისხლძარღვთა რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებას მოითხოვენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
„ენერგეტიკული სასმელების როგორც გადაჭარბებით, ასევე ქრონიკულმა მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკი. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეიძლება შექცევადი იყოს“, – განაცხადეს მათ, თუმცა ასევე აღიარეს, რომ ამის თაობაზე ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებები არ არის დამაჯერებელი.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს პაციენტი წარმოადგენს ერთ შემთხვევას და საჭიროა მეტი მონაცემი იმის დასამტკიცებლად, რომ ენერგეტიკული სასმელები რეალურად ზრდის გულის ჯანმრთელობის რისკებს.
jandacva.ge