ბრიტანელი ანალიტიკოსი: რუსეთ-უკრაინის პერიოდული კონფლიქტი საუკუნის ბოლომდე გაგრძელდება

„რუსეთსა და ს შორის პერიოდული კონფლიქტი საუკუნის ბოლომდე გაგრძელდება“ — ფიქრობს ლონდონის კინგსის კოლეჯისა და ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორი, SKY News-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების ანალიტიკოსი მაიკლ კლარკი.
თუმცა დროებითი ზავი, მისი აზრით, შესაძლოა წლის ბოლომდე ან მომავლის წლის ზაფხულამდე დადგეს.
მაიკლ კლარკი „ნეტგაზეთთან“ განიხილავს, რა იქნება ზავის შემდეგ? რეალისტურია თუ არა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება და რამდენად პრაგმატულია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა?
„არა, ომი დასასრულისკენ არ მიდის. ეს თაობათა ომია. რუსეთსა და უკრაინას შორის პერიოდული კონფლიქტი გაგრძელდება 60, 80 წელი. ეს გასტანს მთელი საუკუნის განმავლობაში იმ თვალსაზრისით, რომ მუდამ იფიქრებს, უკრაინა მას ეკუთვნის უკრაინა — რომ ის უნდა იყოს იმპერიის ნაწილი. უკრაინელები ყოველთვის ამის წინააღმდეგი იქნებიან. ამიტომ ეს იქნება პერიოდულად გამწვავებული, ხან ჩამცხრალი კონფლიქტი — ისეთივე, როგორიც ამ ტიპის კონფლიქტების უმეტესობაა. ისინი გრძელდება ნახევარი ან ზოგჯერ მთელი საუკუნე. ზავი უკრაინაში შეიძლება ვიხილოთ წელს ან მომავალ წელს. ზავი შეიძლება გაგრძელდეს ორი, სამი, ოთხი წელი, შემდეგ ისევ დაირღვეს და დაიწყოს ძალადობის ახალი ტალღა. ასე რომ, ვფიქრობ, ესაა ის შედეგი, რაც ყველაზე მეტად მოსალოდნელია“, — ამბობს კლარკი.
სრულმასშტაბიანი ომის 3 წლისთავზე რუსეთი უკრაინის 20%-მდე ტერიტორიას აკონტროლებს. რუსებს აქვთ მცირე წინსვლა და მაიკლ კლარკი ფიქრობს, რომ შესაძლებელია დაიკავონ დონბასი მთლიანად, ზაპოროჟიეს და ხერსონის ნაწილი, მაგრამ ვერ შეძლებენ მდინარო დნიპროს აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებზე მეტის და მით უმეტეს, მთელი უკრაინის სამხედრო გზით დაპყრობას.
„რასაც ახლა ვუყურებთ, არის ომის მორიგი ფაზა, რომელიც შეიძლება დასრულდეს ზავით, რომელიც მხოლოდ გარკვეული დროით გასტანს. შემდეგ კვლავ განახლდება. ეს არ შეიცვლება, თუ რუსეთის ელიტა არ შეცვლის საკუთარ ხედვას საგარეო პოლიტიკაზე, კერძოდ უკრაინაზე. პუტინი აზრს არ შეიცვლის. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არც მისი მემკვიდრე. მაგრამ შესაძლოა, მას შემდეგ, ვიღაც უფრო პრაგმატული გამოჩნდეს. საქმე ისაა, მათ სწამთ, თითქოს უკრაინა რუსეთს ეკუთვნის — რადგან 20 წელზე მეტია, ამ პროპაგანდას აწვდიან. ნამდვილად მნიშვნელოვანი ევროპული ქალაქია. ეს არის სლავური კულტურის სამკაული. და ის იდეა, რომ თითქოს კიევი ბუნებრივად მოსკოვს უნდა ეკუთვნოდეს, ჩემთვის ისტორიულად აბსურდია“, — აცხადებს კლარკი.
მისი თქმით, დასავლეთი ვერ შეძლებს რუსეთის პოლიტიკის პირდაპირ შეცვლას, მაგრამ შეუძლია საკუთარი ინტერესები დაიცვას ცივი ომის დროინდელი შეკავების პოლიტიკის ახალი ვერსიით, რომელსაც ზურგს სამხედრო ძალა გაუმაგრებს. ამ გზით შესაძლებელია უკრაინის გადარჩენა ზავის შემდეგ — სასურველია, ზედმეტი ტერიტორიული დანაკარგის გარეშე — დასავლეთის პოზიციების დაცვა, ნატოს ხაზისა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაცვა.
„რაც მინდა ვუთხრა [გაერთიანებული სამეფოს] მთავრობის წარმომადგენლებს — ის არის, რომ საქართველოსაც უნდა მოიცავდეთ ამ კონტექსტში. რადგან საუბარია შავი ზღვის რეგიონზე — ქვეყნებზე, რომლებსაც, ჩვენი აზრით, უნდა მიეცეთ შანსი იყვნენ ისინი, ვინც სურთ რომ იყვნენ. თუ სურთ, იყვნენ რუსეთის გავლენის სფეროში — თუ ეს ნამდვილად პოპულარულია — პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ ვეჭვობ, ეს უნდოდეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ერთგულებას უკრაინის მიმართ, თუმცა ეს ბრიტანეთისთვის სულ უფრო ძვირი გახდება. და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავავრცელებთ ამ მზრუნველობას საქართველოზეც — არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის რამდენიმე სიტყვით პარლამენტში“, — ამბობს კლარკი.
ის ფიქრობს, რომ დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა აშკარად რუსული ნარატივის გავლენის ქვეშაა:
„შეიძლება თქვან, რომ მათ აქვთ სტრატეგიული გათვლა — რადგან საქართველო სუსტ პოზიციაშია, შავი ზღვის არასწორ მხარეს, აქვს დიდი საზღვარი რუსეთთან, ფიქრობენ, რუსული გავლენა გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში და უნდა იყვნენ რეალისტები. აი, ერთი გზაა, როგორ შეიძლება [„ოცნების“ პოზიციის] ახსნა. მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ეს უბრალოდ სუფთა კრემლისტური ოლიგარქიაა. ივანიშვილმა კრემლის მხარდაჭერით იყიდა ქართული სახელმწიფო და ინარჩუნებს მას მისი ფინანსური შესაძლებლობებით, სრული კორუფციის გზით. და სანამ ეს ძალა რაღაც ფორმით არ დაინგრევა, დიდად არაფერი შეიცვლება. ამასწინათ ვსაუბრობდი ირლანდიელთან, რომელმაც მითხრა, რომ 20 წელია საქართველოში ცხოვრობს. და მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს სტრატეგიულ ბალანსის დაცვას. მაგრამ ჩემი რწმენაა, რომ ეს არ არის სტრატეგიული გონიერება — ეს არის წმინდა წყლის სახელმწიფო მიტაცება და კორუფცია… ბევრი ადამიანი, ვისაც ვესაუბრე, საკმაოდ ორაზროვნად აღიქვამს სიტუაციას. ისინი ამბობენ: „თუ მთავრობა აფერხებს რუსეთის ინტერვენციას, მაშინ იქნებ არც ისე ცუდია და მეც, რეალურად ხელი არ მეშლება ცხოვრებაში, ფულის შოვნაში ან ბიზნესის განვითარებაში და ა.შ. ორი-სამი წლის წინ საქართველო სხვაგვარ სიტუაციაში იყო. და ახლა ისე ჩანს, რომ სულ უფრო და უფრო რთულდება, რომ თავისუფალი, ლიბერალური, დემოკრატიული საქართველო ჩამოყალიბდეს. მინდა მქონდეს მარტივი გამოსავალი შესათავაზებლად, მაგრამ ცხადია, არ მაქვს გარდა იმისა, რომ შეინარჩუნოთ რწმენა – ინდივიდუალური თავისუფლება და ლიბერალურ-დემოკრატიული პრინციპები საბოლოოდ ისაა, რისკენაც ადამიანები ბრუნდებიან მაშინ, როცა სხვა რამ არ ამართლებს“, — ამბობს კლარკი.
სამხედრო მკვევარი არ ელის ნატოს გაფართოებას საქართველომდე და ამბობს, რომ ალიანსის „ძველმოდური წევრობა“ არც უკრაინისთვის დგას დღის წესრიგში, თუმცა ახალი ტიპის ასოცირება აბსოლუტურად შესაძლებელია.
„შეიძლება თუ არა, რომ საქართველო და უკრაინა გახდნენ ნატოს წევრები? ამ ეტაპზე ნატო არ დასთანხმდება. ამერიკელებმა თქვეს — არა. სლოვაკებიც და უნგრელებიც უარს იტყვიან. მაგრამ რადგან ნატო პოლიტიკურად საკმაოდ იცვლება, რაც შეიძლება მოხდეს არის ძალიან, ძალიან მჭიდრო ასოცირება. და შეიძლება დავბრუნდეთ ისეთ რამეებთან, როგორიც იყო დასავლეთ ევროპის კავშირი (West European Union (WEU) იყო სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში მოქმედი რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში 1948 წლიდან 2011 წლამდე ფუნქციონირებდა) — რომელიც ახლა გაუქმებულია — მაგრამ მაშინ ჰქონდა უფრო ძლიერი გარანტია, ვიდრე ნატოს მეხუთე მუხლია. ამიტომ რეალისტურია, წარმოვიდგინოთ ნატოსთან დაკავშირებული მექანიზმი უკრაინისა და საქართველოსთვის, რომელიც მხარდაჭერილი იქნება გაძლიერებული ევროკავშირით — განსაკუთრებით თავდაცვის თვალსაზრისით, და რომელიც შეიცავს უსაფრთხოების გარანტიებს. მე არ ვიცი ზუსტად, როგორი იქნებოდა ეს გარანტიები, მაგრამ მაშინ, როცა დღეს უნდა გამოვრიცხოთ ძველი, პირდაპირი ნატოს წევრობა ორივე ქვეყნისთვის, მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ რამე ახალი და უფრო შემოქმედებითი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირზეც და ნატოს სკანდინავიურ და ბალტიის ქვეყნებზე, დიდ ბრიტანეთზე, პოლონეთზე, საფრანგეთსა და შესაძლოა, გერმანიაზეც. ეს მართლაც საკმაოდ ძლიერი ჯგუფი იქნებოდა“, — დასძენს კლარკი.
საქართველომ და უკრაინამ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღეს დაპირება, რომ ალიანსის წევრები გახდებიან. 2023 წლის ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებით, უკრაინისთვის მოიხსნა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროება, თუმცა და ევროპული ქვეყნების ნაწილი უკრაინის გაწევრიანებას არ ემხრობიან.