გერმანიის კანცლერის სიტყვებს, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის გადაცემულ შორი მანძილის რაკეტებს მართავენ, პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალისია კიარნსმა გერმანიის კანცლერის სიტყვებს უწოდა “არასწორი, უპასუხისმგებლო და მოკავშირეების სახეში სილის გაწვნა”.
გასულ დღეებში შოლცმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე უარი იმით გაამართლა, რომ მათი ოპერირება გერმანელ სამხედროებს მოუწევდათ, რაც, კანცლერის აზრით, ქვეყანას კონფლიქტის აქტიურ მონაწილედ აქცევდა.
“ეს ძალიან დიდი მანძილის მქონე იარაღია და რასაც აკეთებენ ბრიტანელები და ფრანგები სამიზნის კონტროლსა და კონტროლის მხარდაჭერაში, გერმანიაში ვერ მოხდება.” – ამბობდა შოლცი.
გერმანიის კანცლერის სიტყვებს, უკრაინის შეიარაღებაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოფიციალური გამოხმაურება საფრანგეთისგან არ მოჰყოლია. თუმცა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის პარტიის წარმომადგენელმა, პარლამენტარმა ბენჟამინ ჰადადმა X-ზე დაწერა, რომ შოლცის სიტყვებმა ლონდონთან “დიპლომატიური კრიზისი” გამოიწვია და ბერლინი “ძალიან იზოლირებულია”.
გასულ თვეებში დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კიევს უკვე მიაწოდა SCALP/Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები, რომლებსაც უკრაინელები ეფექტიანად იყენებდნენ.