ბრიტანეთმა EU-დან ჩასულ მგზავრებს ქვეყანაში ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანა აუკრძალა

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან ჩასულ მგზავრებს ქვეყანაში ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანა აუკრძალა. აკრძალვის მიზეზად ევროპის კონტინენტზე ვირუსული დაავადება თურქულის, ანუ ფეხისა და პირის დაავადების, გავრცელება სახელდება.
ახალი შეზღუდვები არ შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიიდან, ჯერსიდან, გერნსიდან ან მენის კუნძულიდან შემოტანილ პროდუქტებს.
ბრიტანეთის ფერმერთა კავშირის პრეზიდენტის, ტომ ბრედშოუს, თქმით, ვიდრე თურქულის გავრცელების წყარო ევროპაში ჯერ არ გამოვლენილა, აუცილებელია უფრო მკაცრი სასაზღვრო კონტროლი: „მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრებმა იცოდნენ ახალი წესები და მათ, ვინც ებრძვის ხორცის უკანონო იმპორტს, მათ შორის სასაზღვრო ძალებს, ჰქონდეთ საჭირო რესურსები ამ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად“.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მგზავრებს აღარ შეეძლებათ EU-ის ქვეყნებიდან დიდ ბრიტანეთში პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი საქონლის, ცხვრის, თხისა და ღორის ხორცის, ასევე რძის პროდუქტების შეტანა. საზღვარზე აღმოჩენილი პროდუქტი კონფისკაციას დაექვემდებარება და განადგურებული იქნება.
მანამდე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ამავე მიზეზით აკრძალა პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი საქონლის, ცხვრისა და სხვა ხორცპროდუქტების შეტანა გერმანიიდან, უნგრეთიდან, დან და ავსტრიიდან. ამის მიზეზი ამ ქვეყნებში თურქულის დადასტურებული შემთხვევები გახდა.