ბრიტანეთმა დაასანქცირა ტანკერი, რომელმაც ოქტომბერში ყულევის პორტში რუსული ნავთობი შემოიტანა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე სანქცირებულ კომპანიებს შორის მოხვდა ტანკერი, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში ყულევის პორტში რუსული ნავთობი შემოიტანა. განახლებული სია დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს, 24 თებერვალს გამოაქვეყნა.

გასული წლის ოქტომბერში საქართველოს შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ რუსეთის პორტიდან წამოსული პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი სახელწოდებით KAYSERI ყულევის პორტში 2025 წლის 2 ოქტომბერს შევიდა. ტანკერმა ყულევის პორტში ერთ-ერთი რუსული კომპანიის (რომლის სახელიც უცნობია) 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი შეიტანა.

„შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში“, – აცხადებდნენ უწყებაში. ვებგვერდ marinetraffic.com-ის მონაცემებით, ტანკერ KAYSERI-ს, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში საქართველოში რუსული ნავთობი შემოიტანა, ახლა ALTURA (IMO 9292199) ჰქვია.