ბრიტანეთი $270 მილიონს გამოყოფს ში სამხედროების შესაძლო გაგზავნისთვის მოსამზადებლად

გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ ში სამხედროების შესაძლო გაგზავნისთვის მოსამზადებლად $270 მილიონი გამოიყოფა. მანამდე, “მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე, პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა პირობა დადო, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბრიტანეთი უკრაინაში მრავალეროვნულ სამშვიდობო ძალაში მონაწილეობას მიიღებს.
“ეს სამართლებრივ ნიადაგს ქმნის, რომ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პარტნიორების ძალებს შეეძლოთ უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირება, დაიცვან უკრაინის ცა, ზღვა და სამომავლოდ დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აღდგენაში”. – განაცხადა სტარმერმა 6 იანვარს უკრაინაში სამხედრო ჰაბის შექმნის განზრახვის დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.
კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ აღნიშნა, რომ თანხა საბრძოლო მანქანების, საკომუნიკაციო სისტემებისა და დრონების საწინააღმდეგო თავდაცვის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება, ისევე როგორც იმის უზრუნველყოფაზე, რომ სამხედროები უკრაინაში გასაგზავნად მზად იყვნენ.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა შესაძლოა, ათასობით სამხედრო გაგზავნოს უკრაინისთვის მრავალეროვნულ ძალაში (MNFU). გაერთიანებულ სამეფოში ჯერ არ უთქვამთ, თუ რა რაოდენობის სამხედროების გაგზავნა იქნება შესაძლებელი. სტარმერმა 7 იანვარს განმარტა, რომ გეგმებზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის.
ამას გარდა, ჰილიმ ზელენსკის ასევე აცნობა, რომ ბრიტანეთში უკრაინულ დიზაინზე დაფუძნებული Octopus-ის ტიპის დრონების წარმოება იანვრიდან დაიწყება, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფო კიევს ყოველთვიურად ათასობით დრონს გაუგზავნის, რათა უკრაინამ უკეთ დაიცვას თავი რუსული დრონებით იერიშებისგან.
tabula.ge