ვოლოდიმირ ზელენსკი და რიში სუნაკი
12 იანვარს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი კიევს ესტუმრება. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში პრემიერი უკრაინისთვის 2024 წელს დახმარების ბიუჯეტს გამოაცხადებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის 2024 წელს 2.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ეს, ამჟამინდელი კურსით, დაახლოებით, 3.2 მილიარდი აშშ დოლარია. თანხიდან, სულ მცირე, 200 მილიონი ფუნტი უკრაინისთვის სამხედრო დრონების შესყიდვასა და წარმოებაში დაიხარჯება. იგულისხმება როგორც სადაზვერვო და დამრტყმელი, ისე საზღვაო დრონებიც.
როგორც ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ეს იქნება უპილოტო აპარატებით დახმარების უდიდესი პაკეტი, რაც უკრაინას რომელიმე ქვეყნისგან მიუღია.
ამას გარდა, შეხვედრის ფარგლებში უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმდება უსაფრთხოების კოოპერაციის შეთანხმება, რომელსაც პრემიერის ადმინისტრაცია “ისტორიულს” უწოდებს.
გასული წლის NATO-ს ვილნიუსის სამიტზე დიდი შვიდეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფდნენ. ბრიტანეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც საბოლოო შეთანხმება დაამუშავა და 12 იანვარს გააფორმებს.
“შეთანხმება არის პირველი ნაბიჯი უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურყევი ასწლოვანი პარტნიორობის დამყარებისკენ”. – ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმების ფარგლებში უკრაინა ბრიტანეთისგან მიიღებს სადაზვერვო ინფორმაციას, კიბერუსაფრთხოების გარანტიებს, სამხედრო და სამედიცინო წვრთნებს და გაიზრდება თავდაცვის სფეროში კოოპერაცია.
რიში სუნაკის ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანეთის პრემიერი შეხვდება სამაშველო რაზმების თანამშრომლებს, რომლებიც რუსეთის თავდასხმების შემდეგ ხალხს გადარჩენაში ეხმარებიან. ის უკრაინისთვის 18 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს, რაც დაემატება უკვე გადაცემულ, თითქმის, 340 მილიონ ფუნტს. თანხის ნაწილი მოხმარდება გაეროსა და წითელი ჯვრის ადგილობრივ ოფისებს, ასევე 8 მილიონი ფუნტი დაიხარჯება უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე.